გია ხუხაშვილი: „ნორმალურ ქვეყანაში გორის შემდეგ მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადამდგარი იქნებოდა”
გორში პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობას პოლიტიკური ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სისტემური პოლიციური დანაშაულის ნიმუშად აფასებს. „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” მან განაცხადა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა.
„ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ფაქტზე მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადამდგარია. ეს არ იყო ერთეული დანაშაული — ეს იყო სისტემური დანაშაული, რომელშიც პოლიციის ხელმძღვანელობა იყო ჩართული. სისტემა ამ ტიპის კრიმინალურ დანაშაულზე დგას. შსს მინისტრს ძალიან დიდი პრობლემა აქვს საკადრო საკითხებში — ის იზიარებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არამედ შეიძლება უფრო მძიმე პასუხისმგებლობაზეც იყოს ლაპარაკი,” — განაცხადა ხუხაშვილმა.
ანალიტიკოსი ამბობს, ხელისუფლების წინაშე ახლა ორი გზა დგას: ან სისტემის სახელით „ჩაქოლოს” ინციდენტი, ან ფორმალურად გაწიროს ცალკეული შემსრულებლები. ამ კონტექსტში ის გირგვლიანის საქმეს ახსენებს — პრეცედენტს, სადაც ძალოვანთა სადიზმი სახელმწიფო „გარეცხვის” სქემით სცადეს შეფარვა: შემსრულებლები დააკავეს, სასათბურე პირობებში ჰყავდათ ციხეში, ფინანსური კომპენსაციაც გადაუხადეს.
„სისტემა ამ შემსრულებლებზე დგას — ერთი შემსრულებელი რომ გაწირო, ათმა შეიძლება რაღაცებზე ხელი აღარ მოგიწეროს,” — აღნიშნა ხუხაშვილმა.
გორში, „კომბინატის” დასახლებაში, პოლიციელების ჯგუფმა დაკავებული პირი საჯარო სივრცეში ფიზიკურად ისჯა. ინციდენტის ამსახველი კადრები „ქართლის ამბებმა” გაავრცელა. პროკურატურამ ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.