ხუხაშვილი: შიო III-ის ინტრონიზაციის ჩქარობა შეიძლება „არ გააღიზიანო” სტრატეგიით ახსნას
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. პატრიარქმა განაცხადა, რომ მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
რატომ ასე სწრაფად?
მეუფე შიომ ინტრონიზაციის ჩქარობა ეკლესიური ტრადიციით ახსნა: გამორჩევის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი პირველივე კვირას, დიდ დღესასწაულზე, უნდა იმსახუროს.
„უახლოესი ასეთი დღესასწაული სწორედ ხვალ გახლავთ — ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგეს”, — განაცხადა შიო III-მ.
გორისა და ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიამ კი დასძინა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საეკლესიო დელეგაციები ასე მოკლე ვადაში ჩამოსვლას ვერ მოასწრებდნენ, თუმცა გამოხატა იმედი, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლები უახლოეს კვირა დღეს მაინც ეწვეოდნენ.
ხუხაშვილი: „ეს შეიძლება „არ გააღიზიანო” სტრატეგიის გამოძახილი იყოს”
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ინტრონიზაციის ჩქარობას სხვა კუთხითაც განიხილავს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესაძლო მეორე მიზეზი ხელისუფლების „არ გააღიზიანო” პოლიტიკაა.
„რაც შეეხება დაჩქარებულ ინტრონიზაციას — ეს შესაძლოა ხელისუფლების „არ გააღიზიანო” სტრატეგიის პირდაპირი გამოძახილი იყოს. რუსეთის პატრიარქს ჩამოსვლის პრობლემები აქვს — როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან, ასევე მსოფლიო პატრიარქთან და უკრაინის ეკლესიასთან ურთიერთობის გამო. ამიტომ, სავარაუდოდ, გადაწყვიტეს ეს ისტორიული მოვლენა ასე „ჩუმად” ჩაეარათ”, — წერს ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი ამ სტრატეგიას ასევე პრინციპულ კრიტიკას უქვემდებარებს:
„„არ გააღიზიანო” პოლიტიკა არა მხოლოდ მორალური, არამედ პრაგმატული გაგებითაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა. შედეგად მოყვარეს იმტერებ, მტერი კი სისუსტედ გიჯდება. ძალიან მარტივი ფორმულაა — ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოოდ სრულიად მარტო რჩება.”