ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ხოშტარიამ ის მკურნალობა მიიღოს, რაც სჭირდება
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) ციხეში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“ლიბერალები მოვითხოვთ, ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თითქმის 10-თვიან უკანონო პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება მაშინ, როცა მას სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისი დახმარების გარეშე, მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე არსებობს, რამაც შესაძლოა სიარულის უნარიც კი დააკარგვინოს.
ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ ის მკურნალობა მიიღოს, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება”. - წერია ALDE-ს განცხადებაში.
რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, “სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება”.
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა “რაიმე სახით ან ფორმით” არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
პენიტენციური: ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
"დროა" პენიტენციურს: ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, პასუხი გაეცით ადვოკატის წერილს
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.