მნიშვნელოვანია, ჩატარდეს კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში — ექიმმა მაკა იოსელიანმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგზე ისაუბრა
25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ექიმმა მაკა იოსელიანმა დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პაციენტს 2024 წლიდან რამდენიმე სახსრის დაზიანება აქვს, როგორც პერიფერიულზე, ასე ცენტრალურზე. მისივე თქმით ძლიერი ტკივილების გამო პაციენტის სრულყოფილად გასინჯვა ვერ მოხერხდა და რევმატული და ანთებით-სახსროვანი პათოლოგია პროგრესირებს. “2024 წელს პრობლემები იყო მხოლოდ პერიფერიული სახსრებზე, იგულისხმება მუხლი, მხარი, წვრილი სახსრები და, რაც მთავარია, არ იყო გავა-თეძოს სახსარი, რაც რევმატოლოგიისთვის რადიკალურად ცვლის დიაგნოზს. 2024 წელს, თურქი კოლეგების მიერ დიაგნოზი დაისვა რეაქტიული ართრიტის. ეხლა რადიკალურად შეცვლილია სურათი და დამატებულია პერიფერიული სახსრები, წვრილი სახსრები და ხერხემალი. თუმცა, ამით ეს პრობლემა არ მთავრდება, იმიტომ რომ ისევ 2024 წელს დაფიქსირებულია ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის არსებობა. გარდა ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა, აქვს რეაქტიული ართრიტი. კიდევ ვიმეორებ, იმ პერიოდში არ იყო ხერხემლის დაზიანება. ამავე პერიოდში იყო გარკვეულ ინფექციებზე საუბარი და ამ ინფექციებზე ჩატარდა მკურნალობა. 2024 წელს, საუბარი იყო ფილტვის დაზიანებაზე, რომელმაც ასევე სრული ვერიფიცირება ვერ მოხდა”, — განაცხადა ექიმმა. მისი თქმით ამ ფონზე აუცილებია მრავალპროფილური გამოკვლევების ჩატარება და რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია. “ეს ყველაფერი აუცილებელს ხდის გამოკვლევების ჩატარებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია, გარდა რევმატოლოგისა, რომელიც უკვე ჩატარდა. საჭიროა ინფექციონისტის, ასევე პულმონოლოგის კონსულტაცია და უამრავი კვლევა, რომელმაც, აუცილებელია განსაზღვროს, აქ რევმატული ავტოიმუნური დაავადება არის მხოლოდ, თუ რა როლს თამაშობს აქ ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში მოეხსნა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი დოზა ჰორმონის გამოყენების შემდეგ,ძლიერი ტკივილების გამო ძალიან ძნელი იყო პაციენტის გასინჯვა, სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვის დროს ვერ დაწვა, ვერ გავსინჯეთ ვერც გავა-თეძოს სახსარი და ვერ შევაფასე ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა ბოლომდე. ეს არგუმენტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩატარდეს კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში”, — განაცხადა ექიმმა მაკა იოსელიანმა. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს