წარმოადგინონ დოკუმენტაცია და წუთების განმავლობაში დავუშვებთ ექიმს - პენიტენციური ხოშტარიაზე
პენიტენციური სასმახურის უფროსმა, გიორგი პატარიძემ დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შესახებ საუბრისას თქვა, რომ პოლიტიკოსს ის დაავადება არ სჭირს, “რომელზეც მისი მხარე აპელირებდა”.
პატარიძის მტკიცებით, ექიმის მიერ ხოშტარიას შემოწმებასთან დაკავშირებით ციხეში შეზღუდვა არ ყოფილა. მისი თქმით, უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო-ასლი და შესაბამისი ექიმის დამადასტურებელი სერთიფიკატი, “რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება”.
“ეს პროცესი, რაც ზოგადად მიმდინარეობს ელენე ხოშტარიასთან მიმართებით, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევების პასუხები, საბედნიეროდ, არის, ასე ვთქვათ, უარყოფითი. კონკრეტულად, იმ დაავადებასთან მიმართებაში, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. არანაირი შეფერხება პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულთან დაწესებულებაში, არ ყოფილა. მოთხოვნილი იყო ის სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია, ეს, მართლაც რომ, ღიმილისმომგვრელია, ანუ ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსერო-ასლი და შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც ნებისმიერ ექიმს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო-ასლი და შესაბამისი ექიმის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება. მას ის დაავადება არ სჭირს, რომელზეც მისი მხარე აპელირებდა. ექიმი დაწესებულებაში არ მოსულა, ანუ მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოსული არ ყოფილა. მხარის ე.წ. რეკომენდაციით, ის რეალურად წერილი არის მხოლოდ ერთ-ფურცლიანი, რასაც დაინტერესებული მხარე რეკომენდაციას ეძახის. რა თქმა უნდა, არა [მანამდე ელენე ხოშტარიას მხრიდან გამოკვლევებზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა], მისი მოთხოვნის, ამას ხაზს ვუსვამ, მისი მოთხოვნისამებრ განხორციელდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და არა ერთ გზის”. - თქვა პატარიძემ.
პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა პარტია დროას ცნობით, პენიტენციურმა სამსახურმა ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი ციხეში არ შეუშვა და დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა. ხოშტარიას ადვოკატის თქმით კი, განაცხადი სწორედ იმ ფორმით შეიტანეს, რა ფორმითაც პენიტენციურმა სამსახურმა ითხოვა.
პარტიის შეფასებით, “ეს არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე კიდევ ერთი დარტყმა”, ასევე, “პროცესის აბსოლუტურად შეგნებული დაზიანება და გაჭიანურება”.
ხოშტარიას ადვოკატი: დაგვპირდნენ, რომ მკურნალობაში ნდობით აღჭურვილი ექიმი ჩაერთვება 24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, “სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება”.
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა “რაიმე სახით ან ფორმით” არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
პენიტენციური: ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
“დროა” პენიტენციურს: ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, პასუხი გაეცით ადვოკატის წერილს შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.