ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება — რა შეიცვლება 1-ელი სექტემბრიდან?
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმების წესსა და პირობებს განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები გზებზე ავტომობილების ხმაურის დონეს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი, სერტიფიცირებული პორტატული მოწყობილობებით შეამოწმებენ.
შსს-ს განმარტებით, ახალი წესი მიზნად ისახავს მართლწესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების უფრო ეფექტიან აღსრულებას.
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული. მოქმედი რეგულაციის თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში — 23:00-დან 08:00 საათამდე — ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100 ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია იზრდება — მეორე შემთხვევაზე გათვალისწინებულია 200 ლარიანი ჯარიმა და 20 ქულის დაკლება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის მძღოლი 300 ლარიან ჯარიმასა და 30 ქულას ჩამოაკლდება.
“მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო — ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ”, — აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.