← მთავარი
საზოგადოება

"ათასობით ადამიანი დაესწრო ხიზირის დაკრძალვას... მისი დედა მესამე შვილზეა ორსულად, ოჯახი უკიდურესად ხელმოკლედ ცხოვრობს" - ინგუშეთის ტრაგედიის ახალი დეტალები

23 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

2026 წლის ივნისის შუა რიცხვებში ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი კავკასია ფეხზე დააყენა. პატარა ბიჭუნას ისტორიამ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა, მომენტალურად გადაკვეთა საზღვრები და ათასობით ადამიანი უპრეცედენტო სოლიდარობის გარშემო გააერთიანა. რვა დღის განმავლობაში რეგიონი სუნთქვაშეკრული ელოდა სასწაულს, თუმცა დასასრული მძიმე აღმოჩნდა. ყველაფერი 15 ივნისს დაიწყო, როდესაც ხიზირ დერბიჩევის დედა, რომელიც სკოლაში მედდად მუშაობს, მორიგეობაზე მიდიოდა. მან უფროს ვაჟს, 8 წლის ხიზირს სთხოვა, უმცროსი ძმისთვის მიეხედა და მამასთან ერთად ყოფილიყო. თუმცა, სეირნობისას ბავშვები მეგობრებთან ერთად მდინარე სუნჟას ნაპირას აღმოჩნდნენ. ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე წამში გადაიქცა კოშმარად, როდესაც ხიზირის მეგობარს, ადამს, ფეხი აუცურდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

იმ მომენტში 8 წლის ბიჭუნამ გამოიჩინა ისეთი სიმამაცე, რომელიც დიდ ადამიანებსაც კი იშვიათად ახასიათებთ. მან მეორე მეგობარს, მუჰამადს გადახედა და უთხრა სიტყვები, რომლებმაც შემდგომში მთელი რეგიონი აატირა: „მოდი, ჩვენ ხომ კაცები ვართ, მოდი გადავარჩინოთ!“. ხიზირი უყოყმანოდ გადახტა ყინულიან, ადიდებულ წყალში, მიცურდა მეგობართან და მოახერხა მისთვის ხელი ეკრა და ნაპირზე მყოფი ხის ფესვებისა და ტოტებისკენ გაიყვანა.

ადამი შემთხვევით ჩავლილმა მანქანამ და უფროსებმა დროულად შენიშნეს და წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირს ძალა გამოელია და სწრაფმა დინებამ ის თვალთახედვიდან მალევე გააქრო.

ამ წამიდან დაიწყო მასშტაბური სამძებრო ოპერაცია, რომლის მსგავსიც ჩრდილოეთ კავკასიას დიდი ხანია არ ახსოვს. მდინარე სუნჟა უკიდურესად ცივი და სახიფათოა, სავსეა ლამით, წაქცეული ხეებითა და ნაგვით, რაც ძებნას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა. მიუხედავად ამისა, სოფელ იანდარესთან, სადაც ტრაგედია მოხდა, 20 ათასზე მეტი მოხალისე შეიკრიბა.

ადამიანები ტოვებდნენ სამსახურებს, ოჯახებს და მიდიოდნენ ინგუშეთში ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ოსეთიდან. საქმე იქამდე მივიდა, რომ სპეციალისტებმა მდინარის კალაპოტიც კი ნაწილობრივ შეცვალეს, ხოლო მოხალისეები წყალში ცოცხალ ჯაჭვებად ჩადგნენ და სანტიმეტრ-სანტიმეტრ ამოწმებდნენ ფსკერს. ვინც ფიზიკურად ვერ შედიოდა წყალში, მაძიებლებს საკვებითა და წყლით უზრუნველყოფდა. ძებნის პროცესში, 20 ივნისს, ხიზირს 8 წელი შეუსრულდა. სანამ ათასობით ადამიანი ყინულიან წყალს ჩხრეკდა, პატარა გმირის დაბადების დღე თენდებოდა.

რვა დღის შემდეგ, 22 ივნისს, 16:50 საათზე, იმედი საბოლოოდ ჩაქრა. მოხალისეებმა ხიზირის ცხედარი ტრაგედიის ადგილიდან 10 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

დერბიჩევების ოჯახი უკიდურესად ხელმოკლედ ცხოვრობს. ბავშვის მამა, ხასანი, სულ რაღაც 31 წლისაა დაცვაში მუშაობს. მას 8 დღის განმავლობაში თვალი არ მოუხუჭავს, პირადად დაეძებდა შვილს და ღმერთს მის გადარჩენას სთხოვდა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დედის, მადინას მდგომარეობა. იგი თავად არის ობოლი, რომელსაც მშობლები არ ჰყავს და საკუთარი შვილების გარდა, თავის უმცროს და-ძმებსაც პატრონობს.

გარდაცვლილი ბიჭის მამა

რაც ყველაზე ემოციურია, მადინა ახლა მესამე შვილზეა ორსულად. მან თავისი უფროსი, იმედის მომცემი ვაჟი დაკარგა, რომელიც სკოლაში ფრიადოსანი იყო და ლექსებსაც კი წერდა. “არ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი შვილი სამუდამოდ დარჩება ხალხის გულებში“, - ამბობს დედა. ხიზირის ცხედარი მალევე გადაასვენეს მის მშობლიურ სახლში, სოფელ ტროიცკოეში, სადაც 23 ივნისის საღამოს კავკასიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დაკრძალვა გაიმართა. პატარა გმირის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. ხიზირის სასახლე მამაკაცებმა ფეხით გაატარეს მთელი სოფელი სასაფლაომდე. დაკრძალვაზე შეიკრიბნენ სამხედროები, მაშველები და უხუცესები რეგიონული დროშებით. ხალხი იმდენად ბევრი იყო, რომ სასაფლაოზე ფიზიკურად თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა. ამჟამად რეგიონულ მედიაში აქტიურად ქვეყნდება ოჯახის დახმარების ანგარიშები, რადგან ორსულ დედასა და მამას ფინანსურად უკიდურესად უჭირთ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი, ხიზირის დაბადების დღე, 20 ივნისი, ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც გმირობის დღე. ხიზირ დერბიჩევმა მხოლოდ 8 წელი იცოცხლა, მაგრამ მან დატოვა სახელი, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ ნამდვილ ვაჟკაცობასა და მეგობრობას ასაკი არ გააჩნია. წაიკითხეთ ასევე:

ინგუშეთში იპოვეს 8 წლის ბიჭუნას ცხედარი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა - “ის გმირია”: რას წერს მედია 8 წლის გმირი ინგუშეთიდან - ის მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა, მეგობარი გადარჩა, თვითონ კი დინებამ წაიღო: ამბავი, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასია გააერთიანა: ბიჭუნას 20 000-ზე მეტი ადამიანი ეძებს

← მთავარი