← მთავარი
საზოგადოება

"შენ ის ბიჭი ხარ, მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები" - რას წერს მამა ირინეოს შენგელია 8 წლის ხიზირ დერბიჩევის შესახებ

22 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

მთელი კავკასია შეძრა 8 წლის ინგუში ბიჭის ამბავმა. ხიზირ დერბიჩევი მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა. მეგობარი გადარჩა, თუმცა მცირეწლოვანი ბიჭუნა მდინარის დინებამ წაიღო. მისი ცხედარი 8-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს. ძებნისას კი საზოგადოებამ უპრეცედენტო სოლიდარობა აჩვენა და ათასობით მოხალისე ეძებდა მას.

ამ ამბავს რეზონანსი მოჰყვა საქართველოშიც. ხიზირის თავგანწივამ თითოეული ადამიანის გულამდე მიაღწია. ბიჭუნას ტრაგედიას ეხმიანება მამა ირინეოს შენგელია და წერს:

“რა ამაყია ინგუშეთის მიწა-წყალი შენ რომ უნდა ჩაგიკრას გულში! რა დიდებული ხარ ხიზირ დერბიჩევო მთელი კავკასია რომ შენ გეძებდა… მთელი ქვეყანა რომ შენ დაგტირის… დიდი თუ პატარა შენზე რომ ლაპარაკობს… შენ ის ბიჭი ხარ, მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები, შენი ძვირფასი ცხედარი რომ გვეპოვნა და პატივით მიგვებარებინა შენ მშობლიურ მიწას! ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია და ასე დიდებული ვინ გშობა, შენმა დალოცვილმა დედამ…ხიზირ გაგიმარჯოს”, - წერს მამა ირინეოსი.

ნახეთ ასევე: ინგუშეთში იპოვეს 8 წლის ბიჭუნას ცხედარი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად მდინარეში გადახტა - “ის გმირია”: რას წერს მედია

← მთავარი