ბიჭუნა, რომელმაც მეგობრის გადასარჩენად თავი გაწირა, ჯერ კიდევ ვერ იპოვეს: მე-8 დღეა ინგუშეთში უპრეცედენტოდ მასშტაბური სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მდინარეს ერთ მონაკვეთზე კალაპოტს უცვლიან
ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ინგუშეთში უკვე მე-8 დღეა არ წყდება უპრეცედენტო მასშტაბის სამაშველო ოპერაცია. ათასობით ადამიანი, ერთმანეთის გვერდით, წამითაც არ კარგავს იმედს, რომ იპოვიან 8 წლის ხიზირ დერბიჩევს - პატარა ბიჭს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო მეგობრის გადასარჩენად.
წამიერი ტრაგედია და ბავშვური თავგანწირვა
ყველაფერი 2026 წლის 15 ივნისს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, ინგუშეთში, სოფელ იანდარესთან მოხდა. ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარე სუნჟას ნაპირას სეირნობდა. მოულოდნელად, ერთ-ერთ ბიჭს - ადამს, ფეხი დაუცურდა და მღვრიე, ადიდებულ წყალში ჩავარდა. 8 წლის ხიზირს წამითაც არ უყოყმანია: ის მაშინვე გადაეშვა მდინარეში და მეგობარი ნაპირამდე მიიყვანა, თუმცა თავად ძლიერ დინებას ვეღარ გაუმკლავდა. წყლის მძლავრმა ნაკადმა ბავშვი თვალის დახამხამებაში გაიტაცა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
“ხელი დავინახეთ, ფეხის თითებიც კი ვიგრძენით, მაგრამ ხელის ჩავლება ვეღარ მოვასწარით…“
სოციალურ ქსელებში ერთ-ერთმა აქტივისტმა, ჯამალეილ აუშევმა, გაავრცელა ადგილობრივი მოწმეების ემოციური მონათხრობი, რომელმაც ბევრს ბავშვის პოვნის იმედი ჩაუსახა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ წყალში ბავშვის ხელი დაინახეს, ერთ-ერთმა კი წყალქვეშ თითქოს მისი ხელის ან ფეხის თითებიც კი იგრძნო: “დავინახეთ ხელი… ვიგრძენით თითები… მაგრამ ხელის ჩავლება ვეღარ მოვასწარით, წამში გაგვისხლტა…“ - ამჟამად მყვინთავები და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები სწორედ ამ კონკრეტულ მონაკვეთს განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობენ, თუმცა ბოლო მონაცემებით ბიჭუნას კვალი ჯერჯერობით მაინც ვერ იპოვეს.
კავკასიური ერთობის სიმბოლო: 20 000-ზე მეტი მოხალისე
ამ უბედურებამ მთელი ჩრდილოეთ კავკასია გააერთიანა. არაოფიციალური მონაცემებით, სამძებრო სამუშაოებში 20 ათასზე მეტი მოხალისეა ჩართული. ადამიანები ყოველი მხრიდან ჩამოდიან, რათა დაეხმარონ ოჯახს. ყინულიან წყალში, ტალახსა და წვიმაში, ისინი მხარდამხარ მიჰყვებიან მდინარის კალაპოტს. ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი და მოხალისე, ისლამ ულბაშევი, ТАСС-თან ინტერვიუში აღნიშნავს: “სიტუაცია ძალიან რთული და მძიმეა, მაგრამ კავკასიის ხალხების მორალური ერთიანობა უმაღლეს დონეზეა. ასეთი სტრესის მიუხედავად, არავისგან გამიგონია უხეში სიტყვა. ყველა მზად არის დასახმარებლად. ადამიანები ძალასა და ჯანმრთელობას არ იშურებენ ცივ წყალსა და ტალახში. ჩვენ საუკეთესოს იმედი გვაქვს”.
ადგილზე მოწყობილია სპეციალური პუნქტები, სადაც მაძიებლებს თბილი საკვებითა და გასათბობი საშუალებებით უმასპინძლდებიან, რადგან ხალხი დილიდან გვიან ღამემდე წყალშია.
ურთულესი სამაშველო ოპერაცია და მდინარის კალაპოტის შეცვლა
ძებნა მიმდინარეობს მდინარე სუნჟას 24-კილომეტრიან ზოლზე - ქალაქ კარაბულაკიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. მთელი ტერიტორია დაყოფილია სექტორებად. ოპერაცია ღამითაც არ წყდება - ამ დროს ტერიტორიას მძლავრი პროჟექტორებით ანათებენ. ადგილზე მუშაობას უკიდურესად ართულებს ძლიერი დინება, წყლის მაღალი დონე და გადაუღებელი წვიმების გამო ნულოვანი ხილვადობა. „მყვინთავებს სიტყვასიტყვით ხელით უწევთ ფსკერის ყოველი სანტიმეტრის მოსინჯვა“ - აცხადებენ საგანგებო სამსახურში.
გამოვლენილია 8 განსაკუთრებით რთული და სახიფათო მონაკვეთი. მათგან ყველაზე კრიტიკული სოფელ ტროიცკოესთან მდებარე ძველი, უფუნქციო ბეტონის დამბაა. წყლის ქვეშ არსებული არმატურებისა და ბეტონის ფილების გამო, მღვრიე წყალში იქ ჩასვლა სახიფათოა. ამიტომ, ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, დაიწყო უპრეცედენტო სამუშაოები: მდინარე სუნჟას ამ მონაკვეთზე კალაპოტს უცვლიან. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება, 3 საათით საერთოდ გადაიკეტოს მდინარე და წყალი სოფელ პლიევოსა და კარაბულაკის ტბორებში გადაიმართოს, რათა მაძიებლებმა სპეციალური ჰიდროკოსტიუმებით დამბის ქვეშ არსებული სიცარიელეები უსაფრთხოდ შეამოწმონ.
ტექნიკური აღჭურვილობის დეფიციტი და დახმარების მოწოდება
სამძებრო ოპერაციაში ჩართულია მძიმე ტექნიკაც (ექსკავატორები და ტრაქტორები), თუმცა ეს საკმარისი არ არის. ადვოკატმა მიხეილ მუშაილოვმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და სპეციალური ფონდი გახსნა ჰიდროკოსტიუმებისა და სპეცტექნიკის შესაძენად.
მისი თქმით, ყინულიანი წყალი მაძიებლებს დიდხანს გაჩერების საშუალებას არ აძლევს, თუმცა ყველაზე მეტად სპეციალური საძიებო ლოკატორების (გვერდითი ხედვის ჰიდროლოკაციური სადგურების) დეფიციტი იგრძნობა. ეს მოწყობილობები კატერებზე მაგრდება და მაშველებს წყლის ფსკერის დეტალურად სკანირებაში ეხმარება. ამ დროისთვის, ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტი და პროკურატურა გეგმურ შემოწმებას ატარებენ. თუმცა, ოფიციალური პროცედურების მიღმა, მთავარი კვლავ ადამიანური იმედია - ათასობით ოჯახი და სრულიად უცხო ადამიანი ლოცულობს, რომ პატარა გმირი ცოცხალი იპოვონ. ძებნა ერთი წუთითაც არ წყდება. წაიკითხეთ ასევე:
8 წლის გმირი ინგუშეთიდან - ის მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა, მეგობარი გადარჩა, თვითონ კი დინებამ წაიღო: ამბავი, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასია გააერთიანა: ბიჭუნას 20 000-ზე მეტი ადამიანი ეძებს