← მთავარი
საზოგადოება

გიორგი ხიშტოვანი: ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა

18 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
გიორგი ხიშტოვანი: ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა

“ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა. მაშინ როდესაც 2023-2024 წლებში ხელფასების რეალური ზრდა დაახლოებით 13% იყო, 2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდა”, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი წერს. მისი თქმით, 2022–2024 წლების ეკონომიკური აღმასვლა “დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება და დასასრულს უახლოვდება”, ახლა კი “ოცნებას უწევს სხვა თემებით სცადოს შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების გადაფარვა, კორუფციასთან წერტილოვანი ბრძოლაც ასეთი ეფექტური სატყუარაა”.

ცხრილს გიორგი ხიშტოვანი აქვეყნებს

“ხელფასების რეალური ზრდა საქართველოში სამ წელიწადში დაახლოებით სამჯერ შემცირდა; სხვა სიტყვებით, მაშინ როდესაც 2023-2024 წლებში ხელფასების რეალური ზრდა დაახლოებით 13% იყო, 2026 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდა.დაწყებული 2022 წლიდან, ხელფასების ზრდის მაღალი ტემპი ძლიერი არგუმენტი იყო ქართული ოცნების ხელში, რითაც მას შეეძლო მისი ამომრჩევლის ლოიალობის შენარჩუნება და პარალელურად ნეიტრალური ამომრჩევლის ნეიტრალურობის უზრუნველყოფა.უკვე 2025 წლის დასაწყისიდან ცხადი გახდა, რომ რეალური (ინფლაცია-გათვალისწინებული) ხელფასების 10%-ზე მაღალი ზრდის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნებოდა. ახლა, 2026 წლის პირველ ნახევარში უკვე ცხადი კლების დინამიკა იკვეთება, როდესაც რეალური ხელფასების ზრდის ტემპი 5%-ზე დაბლა ჩამოვიდა.ეს დინამიკა, დიდი ალბათობით, იმის მანიშნებელია, რომ 2022–2024 წლების ეკონომიკური აღმასვლა — რომელიც დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება — დასასრულს უახლოვდება.როგორც ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მეორე წელია, საქართველოში ახალი სამუშაო ადგილებიც ფაქტობრივად აღარ იქმნება, ქართულ ოცნებას უწევს სხვა თემებით სცადოს შრომის ბაზარზე არსებული ამ გამოწვევების გადაფარვა. სავარაუდოდ, კორუფციასთან წერტილოვანი ბრძოლაც ასეთი ეფექტური სატყუარაა, როდესაც, ცალკე, შრომის ბაზარზე სიტუაციით და მაღალი ინფლაციით უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღების ამ თემაზე გადატანა ხდება და ცალკე, შიდა-პარტიული ბრძოლების ფარგლებში, არასასურველი მოთამაშეების ჩამოშორება/ახალი მოთამაშეებით ჩანაცვლება.ხოლო, ფისკალური/საბიუჯეტო გამოწვევებიდან გამომდინარე, დაზოგვისკენ მიმართული ზომების სწორედ ამ მომენტში მიღება (მაგალითად გაზრდილი ჯარიმები, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიების შეკვეცა, გაზრდილი აქციზი სიგარეტზე, დასაქმების პროგრამის გაუქმება და სხვა) კი უკვე პოლიტიკურ შეცდომას ჰგავს”, — წერს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში.

← მთავარი