ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა” ეროვნული ჩემპიონობა მეცხრედ მოიპოვეს, ქალებში „ოლიმპია-აკადემია” გამარჯვდა
ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა” საქართველოს ხელბურთის XXXVI ეროვნული ჩემპიონატის ფინალში „სტუ-პეგასი” 29:23 დაამარცხეს და ჩემპიონობა მეცხრედ მოიპოვეს. ამ სეზონში ბათუმელებმა ადრე იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასიც — მერვედ — დაისაკუთრეს.
„ჩემთვის ჩემპიონობაზე მეტად საქართველოს თასის მოპოვება განსაკუთრებულია, რადგან იმედოსთან ხუთი წლის განმავლობაში ვთამაშობდი,” — განაცხადა ბათუმელთა მწვრთნელმა ამირან კომახიძემ.
მესამე ადგილისთვის „სამტრედიამ” „ქუთაისი-2015”-ს პენალტების სერიაში 38:37 სძლია.
ბომბარდირთა ჩამონათვალში 134 გოლით ლიდერია ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია”). საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ნიკოლოზ მამულაშვილი („სტუ-პეგასი”) დასახელდა, MVP-ის წოდება კი ალექსანდრე ხანდოლიშვილმა („ბსბ”) მოიპოვა.
ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში „ოლიმპია-აკადემიამ” (მწვრთნელი ინა ჭკუასელი) ფოთის „ოქროს ვერძი” 27:17 დაამარცხა და ოქრო მოიპოვა. მესამე ადგილი „ბსგ-ს” ერგო, რომელმაც „მართვე” 43:20 სძლია.
ქალთა ჩემპიონატის ბომბარდირი 89 გოლით დიანა არაბიძე გახდა („ბსგ”), საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე — ლიზი კვესელავა („ოქროს ვერძი”), MVP — თეკლა ძამუნაშვილი („ოლიმპია-აკადემია”).