ქალი, რომელმაც ხაშურის ბაზარში 12 ათასი ლარი იპოვა და მეპატრონეს დაუბრუნა - რას ჰყვება მანანა სუხიაშვილი: "რომ მოვიდა, განერვიულებული იყო, ტიროდა"
სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა ხაშურში მომხდარმა ამბავმა. ქალმა, რომელმაც ხაშურის ბაზარში 12 ათასი ლარი იპოვა, თანხა მეპატრონეს დაუბრუნა.
“წამებში დაკარგული იმედი, შიში, სასოწარკვეთა… მაგრამ სწორედ ასეთ დროს ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვახსენებენ, რომ სიკეთე ჯერ კიდევ არსებობს. ასეთი ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სიმდიდრე” - წერია შიდა ქართლის გვერდზე გავრცელებულ პოსტში.
როგორც გავარკვიეთ, ეს ქალბატონი მანანა სუხიაშვილია. მან თანხა მის მაღაზიასთან ახლოს იპოვა. AMBEBI.GE ქალბატონ მანანას დაუკავშირდა:
“მაღაზია მაქვს ბაზრის ტერიტორიაზე, იქ დაუვარდა შეკრული თანხა პიროვნებას. ველოდებოდი, ვიფიქრე ნახავს, ვინც დაკარგა და მალე მობრუნდება-თქო. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში, ჯგუფში დაწერა ერთმა მოქალაქემ, რომ თანხა დაკარგა ბაზრის ტერიტორიაზე, დავუკავშირდი და ვუთხარი, მითხარით რა თანხაა, რა კუპიურები, რომ დავრწმუნდე, ნამდვილად თქვენია-თქო. მოვიდა შვილთან ერთად. ძალიან განერვიულებული იყო, ტიროდა. მითხრა, რა თანხაც დაკარგა, ჩანთა დასაკეტი დამრჩა და ალბათ გადმომივარდაო. ამის შემდეგ დავუბრუნე კუთვნილი თანხა. 12 ათასი ლარი იყო, ქართული ფული იყო. ისე დავიბენი, ვინაობაც ვერ ვკითხე. მერე მითხრეს, რომ ბავშვისთვის უნდოდათო. ერთი კი მითხრა, რომ ისეთი საქმისთვის მინდოდა, რომ ეს მადლი შენს შვილებს დახვედროდეს წინო” - გვეუბნება ქალბატონი მანანა.