ქალი, რომელმაც ხაშურის ბაზარში 12 ათასი ლარი იპოვა და მეპატრონეს დაუბრუნა - რას ჰყვება მანანა სუხიაშვილი: "რომ მოვიდა, განერვიულებული იყო, ტიროდა"
სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა ხაშურში მომხდარმა ამბავმა. ქალმა, რომელმაც ბაზარში 12 ათასი ლარი იპოვა, თანხა მეპატრონეს დაუყოვნებლივ დაუბრუნა.
“წამებში დაკარგული იმედი, შიში, სასოწარკვეთა… მაგრამ სწორედ ასეთ დროს ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვახსენებენ, რომ სიკეთე ჯერ კიდევ არსებობს. ასეთი ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სიმდიდრე” - წერია შიდა ქართლის გვერდზე გავრცელებულ პოსტში.
როგორც გავარკვიეთ, ქალბატონი, რომელმაც დიდსულოვანი საქციელი ჩაიდინა, მანანა სუხიაშვილია. მან თანხა მის მაღაზიასთან ახლოს იპოვა. AMBEBI.GE ქალბატონ მანანას დაუკავშირდა:
“მაღაზია მაქვს ბაზრის ტერიტორიაზე, იქ დაუვარდა შეკრული თანხა პიროვნებას. ველოდებოდი, ვიფიქრე ნახავს, ვინც დაკარგა და მალე მობრუნდება-თქო. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში, ჯგუფში დაწერა ერთმა მოქალაქემ, რომ თანხა დაკარგა ბაზრის ტერიტორიაზე, დავუკავშირდი და ვუთხარი, მითხარით რა თანხაა, რა კუპიურები, რომ დავრწმუნდე, ნამდვილად თქვენია-თქო. მოვიდა შვილთან ერთად. ძალიან განერვიულებული იყო, ტიროდა. მითხრა, რა თანხაც დაკარგა, ჩანთა დასაკეტი დამრჩა და ალბათ გადმომივარდაო. ამის შემდეგ დავუბრუნე კუთვნილი თანხა. 12 ათასი ლარი იყო, ქართული ფული იყო. ისე დავიბენი, ვინაობაც ვერ ვკითხე. მერე მითხრეს, რომ ბავშვისთვის უნდოდათ ის თანხაო. თავად ერთი კი მითხრა - ისეთი საქმისთვის მინდოდა ეს ფული, რომ ის მადლი, რაც შენ გააკეთე, შენს შვილებს წინ დახვედროდეთო. შემდეგ ეს ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ნამდვილად არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას” - გვეუბნება ქალბატონი მანანა.