← მთავარი
მსოფლიო

ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება

25 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება

საქართველოს მოქალაქე შიიტების მიერ აიათოლა ხამენეისა და ირანის სხვა ლიდერების საჯარო განდიდებას, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხშირად შიიტური ისლამის ბუნებრივი და გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის. გავრცელებული ზედაპირული ნარატივი, თითქოს შიიტური აღმსარებლობა ავტომატურად გულისხმობს თეირანის თეოკრატიული რეჟიმისადმი მორჩილებას და “ბუნებრივია, ხამენეის გამოფენენ, აბა რას იზამენ”, ფუნდამენტურად მცდარია. რეალურად, ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია და უზენაესი ლიდერის აბსოლუტური თეოლოგიური ავტორიტეტი წარმოადგენს ახალ, იდეოლოგიზებულ მიმდინარეობას, რომელიც სრულიად უცხო და ახალია კლასიკური შიიტური მართლწესრიგისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისთვის.

ეს ფენომენი სცილდება წმინდა რელიგიურ ჩარჩოებს და პირდაპირ კავშირშია თეირანის საგარეო პოლიტიკურ ექსპანსიასთან. ჰადსონის ინსტიტუტის (Hudson Institute) ბოლო კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ირანი აქტიურად იყენებს რბილი ძალის და რელიგიური გავლენის მექანიზმებს სამხრეთ კავკასიაში. ეს ტენდენცია მკაფიოდ აისახება საქართველოს რეგიონებშიც, კერძოდ, ქვემო ქართლში, მარნეულში, ფონიჭალასა და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ სხვა არეალებში, სადაც ირანული ფონდებისა და კულტურული თუ საგანმანათლებლო ცენტრების გააქტიურება შეინიშნება. თეირანი მიზანმიმართულად ცდილობს, ადგილობრივ იდენტობაში ნაჯაფის ტრადიციული, არაპოლიტიკური შიიზმი ჩაანაცვლოს ყუმის იდეოლოგიზებული, “ველაიათ ე ფაქიჰის” დოქტრინით, რათა საქართველოს შიიტური თემი საკუთარი ინტერესების გამტარებლად აქციოს. სწორედ ამ მზარდი იდეოლოგიური ინჟინერიის ფონზე ხდება აუცილებელი იმის გაანალიზება, თუ რამდენად ხელოვნურია ხამენეის რელიგიური ავტორიტეტი თავად შიიტურ სამყაროში. გარე დამკვირვებლებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, აბსოლუტური თეოლოგიური და პოლიტიკური უზენაესობის განსახიერებაა. ის მეთაურობს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, განსაზღვრავს მის საგარეო პოლიტიკას და წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ სანქცირებული რელიგიის საბოლოო არბიტრს. თუმცა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტრადიციული ისლამური სემინარიების (რომლებსაც არაბული ტერმინით “ჰაუზა“ ეწოდება) მიღმა, მისი რელიგიური რწმუნებათა სიგელები მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში რჩება უმწვავესი დავისა და კრიტიკის საგნად. ამ განხეთქილების გასაგებად, აუცილებელია, განვიხილოთ შიიტური ისლამური მეცნიერების რთული, მრავალსაუკუნოვანი სისტემა, რომლისთვისაც გვერდის ავლას ირანის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ათწლეულებია ცდილობს.

დასავლური და ფართო აუდიტორიისთვის, თორმეტეული შიიტური ისლამის სტრუქტურა ხშირად შეცდომით რომის კათოლიკე ეკლესიის მსგავს ცენტრალიზებულ იერარქიებთან იგივდება. სინამდვილეში, შიიტურ ისლამს არ ჰყავს პაპის ეკვივალენტური ცენტრალური ავტორიტეტი. ამის ნაცვლად, რელიგიური ავტორიტეტი არის უკიდურესად დამოუკიდებელი, დეცენტრალიზებული და აკადემიური ურთიერთშეფასების (მერიტოკრატიის) მკაცრ სისტემაზეა დაფუძნებული. ამ რთული სისტემის უკეთ გასაგებად, უნდა განვასხვავოთ სასულიერო იერარქიის ძირითადი საფეხურები.

იერარქია იწყება საწყისი დონის სტუდენტებითა და ახალბედა სასულიერო პირებით, რომელთაც ხშირად “თალიბებს“ ან „თიქათ ალ-ისლამს“ (ისლამის ნდობას) უწოდებენ. წლების განმავლობაში საფუძვლიანი სწავლის შემდეგ, ისინი აღწევენ საშუალო, თუმცა უკვე საპატიო დონეს - “ჰოჯათოლესლამს“ (ისლამის მტკიცებულებას). ჰოჯათოლესლამი არის პირი, რომელმაც გაიარა სემინარიული განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი, შეუძლია შეასრულოს რელიგიური რიტუალები და ასწავლოს სხვებს, მაგრამ მას არ აქვს მოპოვებული “მუჯთაჰიდის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ არ შეუძლია რელიგიური ტექსტებიდან დამოუკიდებელი იურიდიული დასკვნების გამოტანა.

შემდეგი და კრიტიკული ეტაპია სწორედ მუჯთაჰიდის სტატუსის, ანუ “იჯთიჰადის“ (დამოუკიდებელი სამართლებრივი მსჯელობის) უნარის მოპოვება ათწლეულების განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგად. სწორედ ამ უნარის დამტკიცებისას სასულიერო პირი ხდება “აიათოლა“ (ღვთის ნიშანი) - მაღალი რანგის სამართლის მეცნიერი, რომელსაც შეუძლია, თავად გამოიტანოს დასკვნები ტექსტებიდან და უფლება აქვს, ჰყავდეს მიმდევრების შეზღუდული წრე.

იერარქიის აბსოლუტურ მწვერვალზე იმყოფება დიდი აიათოლა, იგივე “მარჯა თაყლიდი“ (მიბაძვის წყარო). მარჯა არის უზენაესი სამართლის მეცნიერი, რომლის კლასიკური ისლამური სამართლის ოსტატობა იმდენად ღრმაა და კოლეგების მიერ ისე ფართოდაა აღიარებული, რომ რიგითი მორწმუნეები ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში მის გადაწყვეტილებებს ბაძავენ. მარჯას სტატუსის მოპოვება პოლიტიკური დანიშვნის გზით შეუძლებელია. ის მოითხოვს ათწლეულების განმავლობაში სწავლას სემინარიებში (უპირველესად ნაჯაფსა და ყუმში), დამოუკიდებელი უფროსი კოლეგებისგან აღიარებას და რაც ყველაზე მთავარია, მეცნიერმა უნდა გამოაქვეყნოს ყოვლისმომცველი იურიდიული ტრაქტატი - “თავდიჰ ალ-მასაილი“, იგივე “რისალა“, რაც მისი სამეცნიერო უზენაესობის საბოლოო და ხელშესახები დასტურია.

აიათოლა ხამენეის ავტორიტეტის ირგვლივ არსებული კრიზისი სათავეს იღებს 1989 წლიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, დიდი აიათოლა რუჰოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ. ხომეინის მიერ შექმნილი “ველაიათ-ე ფაქიჰის“ (უზენაესი იურისტის მმართველობის) მოდელი მოითხოვდა, რომ უზენაესი ლიდერი აუცილებლად საყოველთაოდ აღიარებული მარჯა ყოფილიყო. თუმცა, იმ დროს პრეზიდენტის პოსტზე მყოფ ალი ხამენეის მხოლოდ საშუალო დონის სასულიერო წოდება - ჰოჯათოლესლამი - გააჩნდა. მას არ ჰქონდა არც დამოუკიდებელი სამეცნიერო სტაჟი, არ იყო მუჯთაჰიდი და შესაბამისად, არ გააჩნდა კოლეგების აღიარება. პოლიტიკური უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, რეჟიმმა საკონსტიტუციო მოთხოვნები შეცვალა, რათა ხამენეის უზენაეს ლიდერად, რაჰბარად, დანიშვნისთვის ბარიერები მოეხსნა.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ხამენეი მართავდა ქვეყანას უმაღლესი რელიგიური ტიტულის გარეშე, რამაც თეოლოგიური ვაკუუმი შექმნა. ამ მდგომარეობის ფორსირება და ვაკუუმის შევსება სახელმწიფომ 1994 წლის დეკემბერში, ფართოდ დაფასებული დიდი აიათოლა მოჰამად ალი არაქის გარდაცვალების შემდეგ სცადა. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა პოლიტიკურ-ადმინისტრაციულმა ორგანომ - “ყუმის სემინარიის მასწავლებელთა საზოგადოებამ” ხამენეი ოფიციალურად გამოაცხადა მარჯა თაყლიდად. თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაცია არ გამოხატავდა თავად ყუმის ტრადიციული სემინარიის (ჰაუზას) აზრს. მარჯად აღიარება სწორედ სემინარიის პრეროგატივაა და არა პოლიტიკური ორგანიზაციის. სახელმწიფოს მიერ ინჟინერირებულმა გადაწყვეტილებამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც თავად ყუმის ჰაუზაში, ისე მთლიანად შიიტურ სამყაროში.

რადგან ხამენეიმ სემინარიის ტრადიციული საფეხურები გამოტოვა, მას არასოდეს გამოუქვეყნებია ტრადიციული “თავდიჰ ალ-მასაილი“ (რისალა). მისმა ოფისმა გამოსცა მხოლოდ “აჯვიბათ ალ-ისთიფთაათ“ (პასუხები შეკითხვებზე), რაც კონკრეტულ რელიგიურ კითხვებზე გაცემული პასუხების კრებულს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტი მისი მიმდევრებისთვის პრაქტიკულ იურიდიულ სახელმძღვანელოდ იქცა, დამოუკიდებელი სასულიერო პირების თვალში ის მკვეთრად ჩამოუვარდება ჭეშმარიტი მარჯას დამოუკიდებელ სამეცნიერო ნაშრომს.

ირანის მთავრობამ კარგად იცოდა, რომ დამოუკიდებელი უფროსი სასულიერო პირები ქვეყნის შიგნით ეწინააღმდეგებოდნენ ხამენეის ავტორიტეტს, ამიტომ სტრატეგია შეცვალა და მიზანმიმართულად დაიწყო მისი რელიგიური ლეგიტიმაციის საზღვარგარეთ დამკვიდრება. დამოუკიდებელი დიდი აიათოლების მხრიდან აღიარების არქონის ფონზე, ხამენეის მარჯაობა ახლო აღმოსავლეთში კონკრეტული გეოპოლიტიკური მარიონეტული ქსელების მეშვეობით დამკვიდრდა. მაგალითად, ლიბანში, შიიტური სასულიერო იერარქიის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც იზიარებდნენ “ველაიათ-ე ფაქიჰის“ დოქტრინას, ოფიციალურად აღიარეს ის თავიანთ მარჯად, ხოლო “ჰეზბოლას“ ხელმძღვანელობამ მას ღიად შეჰფიცა ერთგულება.

მსგავსი სურათი შეიქმნა ერაყშიც, სადაც რამდენიმე პროირანულმა შიიტურმა გასამხედროებულმა და პოლიტიკურმა ფრაქციამ ხამენეი თავის რელიგიურ წინამძღოლად გამოაცხადა. პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის აგვისტოში, როდესაც ყუმში მცხოვრები ერაყელი მარჯა, დიდი აიათოლა ქაზემ ალ-ჰაერი, ჯანმრთელობის გამო პენსიაზე გავიდა. მან უპრეცედენტო ბრძანება გამოსცა და თავის მიმდევრებს - უპირველესად ერაყის მძლავრ სადრისტების მოძრაობას - ალი ხამენეისადმი დაქვემდებარება უბრძანა. პარალელურად, სირიაში თეირანის მიერ დანიშნული წარმომადგენლები აქტიურად იყენებდნენ დამასკოს წმინდა ზეინაბის სალოცავის ქსელს, რათა ხამენეის მარჯაობა ადგილობრივი და ჩამოსული შიიტი მლოცველებისთვის ფორმალურად ექადაგათ.

რეჟიმის მიზანმიმართული ძალისხმევისა და უზარმაზარი ფინანსური რესურსების მიუხედავად, მსოფლიოს დამოუკიდებელი დიდი აიათოლების აბსოლუტურ უმრავლესობას ალი ხამენეი არასოდეს უღიარებია ლეგიტიმურ რელიგიურ მიბაძვის წყაროდ. ყველაზე დიდი წინააღმდეგობის კედელი ერაყში, ნაჯაფის ტრადიციული სემინარიიდან მოდის, რომელიც იცავს კვიეტიზმის ტრადიციას. ეს მიდგომა გულისხმობს, რომ სასულიერო პირები უნდა დარჩნენ საზოგადოების მორალურ გზამკვლევებად და არ უნდა ერეოდნენ ყოველდღიურ პოლიტიკურ მმართველობაში, რაც თავისი არსით რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის იდეას ეხმიანება.

შესაბამისად, ეს სკოლა მკაცრად უარყოფს “ველაიათ-ე ფაქიჰის“ მოდელს, რომელიც პოლიტიკურ და რელიგიურ მონოპოლიას ერთ მმართველს აბარებს. ნაჯაფის ლიდერს, გლობალურად აღიარებულ “მარჯა ალ-მუთლაქს“ (ყველაზე მაღალ რელიგიურ ავტორიტეტს), დიდ აიათოლა ალი ალ-სისტანის, ხამენეი რელიგიურ სამართალში თანასწორად არასოდეს უღიარებია. მართალია, ალ-სისტანი ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობას ირანის ხელმძღვანელობასთან სათემო განხეთქილების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ იგი ხამენეის აღიქვამდა მხოლოდ როგორც პოლიტიკურ მეთაურს და უარყოფდა მის პრეტენზიას გლობალურ რელიგიურ ლიდერობაზე. ამავე პოზიციას იზიარებენ ნაჯაფის სხვა წამყვანი მეცნიერებიც, დიდი აიათოლები მუჰამად ალ-ფაიადი და ბაშირ ალ-ნაჯაფი. ალ-ნაჯაფი ღიად აკრიტიკებს ირანის სახელმწიფო ქმედებებს და აშკარად უარს ამბობს ხამენეის რელიგიური კვალიფიკაციის აღიარებაზე.

მსგავსი წინააღმდეგობა აისახება თავად ირანში, ყუმის ტრადიციულ ინსტიტუტებშიც. სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი წნეხის მიუხედავად, ყუმის წონადმა ტრადიციონალისტმა მეცნიერებმა უარი თქვეს სემინარიის დამოუკიდებლობის დათმობაზე. ყუმის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მარჯამ, დიდმა აიათოლამ ჰოსეინ ვაჰიდ ხორასანიმ, ისტორიულად უარი თქვა ხამენეის ყუმში ოფიციალურად მიღებასა და მის სამეცნიერო უპირატესობის აღიარებაზე. მასთან ერთად, დიდი აიათოლა მუსა შუბაირი ზანჯანი, რომელიც შიიტური ბიოგრაფიისა და იურისპრუდენციის უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენს, პოლიტიკური ისტებლიშმენტისგან სრულიად დამოუკიდებლად განაგრძობს მოქმედებას. გარდაცვალებამდე ტრადიციულ და არაპოლიტიკურ პოზიციას მტკიცედ იცავდა აწგარდაცვლილი დიდი აიათოლა ლოტფოლა საფი გოლფაიეგანიც.

ამ ტრადიციონალისტთა ჩუმი წინააღმდეგობის მიღმა, არსებობდა დისიდენტი და მეამბოხე სასულიერო პირების ჯგუფიც, რომელთა ნაწილმა ღიად გააპროტესტა ხამენეის დაწინაურება, რის გამოც შინა პატიმრობის, სკოლების დახურვისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ხომეინის თავდაპირველად დასახელებულმა მემკვიდრემ, აწგარდაცვლილმა დიდმა აიათოლამ ჰოსეინ-ალი მონთაზერიმ, საჯაროდ განაცხადა, რომ ხამენეის არ გააჩნდა “იჯთიჰადისთვის“ აუცილებელი კვალიფიკაცია და მარჯად ვერ იფუნქციონირებდა. გავლენიანი შირაზის მოძრაობის ლიდერი, დიდი აიათოლა სადიქ ჰუსაინი შირაზი, აწგარდაცვლილ დიდ აიათოლებთან - მოჰამად შირაზისთან და ჰასან თაბათაბაი-ყუმისთან ერთად - სასტიკად დაუპირისპირდა 1994 წლის სახელმწიფოს მიერ ინჟინერირებულ დეკლარაციას. ისინი უარყოფენ ხამენეის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას და ირანულ სისტემას დიქტატურას ადარებენ. ეს უთანხმოება ირანის საზღვრებსაც გასცდა; ლიბანში, ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არაბმა მარჯამ, აწგარდაცვლილმა დიდმა აიათოლამ მოჰამად ჰუსეინ ფადლალამ, კატეგორიულად უარყო ხამენეის აბსოლუტური რელიგიური იურისდიქცია, რამაც მწვავე და ხანგრძლივი დაპირისპირება გამოიწვია მის მიმდევრებსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლას“ შორის.

ირანის სახელმწიფო მძლავრი აპარატის საშუალებით წარმატებით ახერხებს ალი ხამენეის ავტორიტეტის თავსმოხვევას მთავრობის მიერ კონტროლირებად ინსტიტუტებსა და გეოპოლიტიკურ მოკავშირეებზე, თუმცა კლასიკური შიიტური რელიგიური იერარქიის აბსოლუტური უმრავლესობა ურყევი რჩება.

დღესდღეობით, შიიტური სასულიერო სამყარო უზენაეს რელიგიურ ავტორიტეტებად კვლავ ტრადიციულ, დამოუკიდებელ მეცნიერებს მიიჩნევს, როგორიცაა ალი ალ-სისტანი ნაჯაფში ან ვაჰიდ ხორასანი ყუმში.

← მთავარი