„გახარია საქართველოსთვის” პარლამენტს ცხინვალის ანექსიურ ხელშეკრულებაზე რეაქციის გამოხატვისკენ მოუწოდებს
„გახარია საქართველოსთვის” პარლამენტური ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წინ, განაცხადა, რომ ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში შეიტანს რეზოლუციის პროექტს 9 მაისს რუსეთთა და ცხინვალის ოკუპირებული ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების წინააღმდეგ.
„2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მორიგი, უკიდურესად სახიფათო ეტაპია,” — განაცხადა კერესელიძემ. ის ამ ხელშეკრულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ „აგრესიულ აქტად” განიხილავს — ხელშეკრულება ითვალისწინებს ცხინვალის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროების რუსეთთან სრულ ინტეგრაციას.
„ყველაზე მძიმე ის არის, რომ „ოცნების” ხელისუფლება ამ ყველაფერზე სდუმს,” — განაცხადა კერესელიძემ. ფრაქცია მოუწოდებს „ოცნებასაც”, „შეწყვიტოს დუმილი,” და მთავრობას, „განაახლოს დიპლომატიური ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან”, რათა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი „მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში.”
რეზოლუციის პროექტის მიზანია, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე ანექსიურ პროცესებს ოფიციალური პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს.