ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა. ჩვენი პარლამენტის წევრები ყოველდღიურად სწორ შენიშვნებს აკეთებენ, მის გამონათქვამებს ობიექტურ შეფასებას აძლევენ”, — ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას.
ის ამბობს, რომ “მისთვის აღარ არის საინტერესო ერთი კონგრესმენის ქმედებები”.
“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აღარ არის საინტერესო ერთი კონგრესმენის ქმედებები, რომელიც დაინტერესებული მხარეა. ნებისმიერი მოქალაქისთვის მარტივად დასანახია, ხელისგულზე ჩანს, რა დგას მის უკან. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს, პირიქით, უნდა ვიყოთ მოტივირებული, დაინტერესებული, “ჩასაფრებული” მთავრობის ქმედებების, ინიციატივების, გადაწყვეტილებების მიმართ და მოდი, ამაზე ვისაუბროთ. საზოგადოებამ გვაკრიტიკოს იმაზე, რა არ გააკეთა სწორად ან რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას გამოწვევებთან დაკავშირებით”, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა (კომენტარს “პირველი არხი” ავრცელებს).
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას — “საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ”, რომლის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.