მიხეილ ყაველაშვილი თეირანში შეხვდა ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ირანში იმყოფება ყოფილი უზენაესი ლიდერის ალათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე, შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს, ინფორმაციას შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა “კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას”.
რაც შეეხება ფეზეშქიანთან შეხვედრისას განხილულ საკითხებს, ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით:
“შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას”.
მიხეილ ყაველაშვილმა მასუდ ფეზეშქიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მიხეილ ყაველაშვილი ჩავიდა აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად.
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად.
ცერემონიას ასევე ესწრებიან სასულიერო პირები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოდან - შეიხი ჰაჯი ფაიგ ნაბიევი, ალჰი ბეითის მეჩეთის ახუნდი, რაჰიდ კერიმოვი და სხვა ღვთისმსახურები.
დღის განმავლობაში უცხოური დელეგაციები ისლამური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერისთვის პატივის მისაგებად მივლენ.
ირანში დღეს, 3 ივლისს, დაიწყო ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია. ეს ხდება მისი დაღუპვიდან ოთხ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეს რამდენიმე თანმხლებ პირთან და ოჯახის წევრთან ერთად დაიღუპა.
ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 3 ივლისის დილით ხამენეის ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში, იმამ ხომენეის მოსალაში გადაასვენეს.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, პირველად საჯაროდ, დღეს ჰამენეის კუბოსთან გამოჩნდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალი აჰმად ვაჰიდი, ის ჩანდა ირანული სახელმწიფო მედიის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ კადრებში.
ირანის ხელისუფლებამ ხამენეის გამოსათხოვარი, სამგლოვიარო მსვლელობა და დაკრძალვის ცერემონია ერთკვირიან პროცესიად დაგეგმა. ოფიციალური პირების განცხადებით, ღონისძიებებში „მილიონობით ადამიანის“ მონაწილეობას მოელიან.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ. მას ხუთშაბათს, 9 ივლისს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, თეირანის შემდეგ მეორე დიდ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
ალი ხამენეი ირანს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი ბევრი ირანელისთვის ასოცირდებოდა რეპრესიებთან, დაშინებასთან, დაპატიმრებებსა და მკაცრ პოლიტიკურ თუ სოციალურ შეზღუდვებთან.
28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ხამენეის დაღუპვის შესახებ ცნობას ირანის მოსახლეობის ნაწილი სიხარულით შეხვდა. ამის გამო ხელისუფლებამ არაერთი ადამიანი დააკავა, ზოგიერთს მძიმე სასჯელი მიუსაჯა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში სიკვდილით დასჯითაც დაემუქრა.