[ჭადრაკი] ქართველები ხუთოსან ლიდერებს ჩამორჩნენიტალიურ მონტესილვანოში გრძელდება 14-18 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 83 ქვეყნის 758 წარმომადგენელი მონაწილეობს. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს შვეიცარიული სისტემით 11 ტური გამოავლენს. საქართველოს სპორტის ღირსებას 10 გოგონა და ვაჟი იცავს. განვლილ ხუთ ტურში თავი გამოიჩინა ფიდეს ოსტატმა ნიკოლოზ შამათავამ. 18-წლამდელებში მან ოთხი შეხვედრა მოიგო, ერთი პარტია ზავით დაასრულა და 4.5 ქულით მეორე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს. 5 ქულით გეორგის გერმანოვსი (ლატვია) ლიდერობს. ამავე ასაკის გოგონებში ანასტასია კირთაძემ, მარიამ ცეცხლაძემ და ლულუ დიასამიძემ 3-3 ქულას მოუყარეს თავი. ერთპიროვნულად მეწინავე ვალერია კლემენოვას (რუსეთი) 5 ქულა აქვს. 16-წლამდელები. კესარია მგელაძე - 3.5, მარიამ კალანდაძე - 2.5, ანდრია კვირიაშვილი - 2 ქულა. კრიშნა გუტმანი (ინდოეთი) - 5, ტიანიუ ძიანი (ჩინეთი) - 5 ქულა. 14-წლამდელები. თეა რუსიტაშვილი, მარიამ გიორგაძე, გაბრიელ გაბადაძე - 3-3 ქულა. ეტან გუო (აშშ) - 5, ზაჰრა ალაჰვერდი (აზერბაიჯანი) - 5 ქულა.