ევროპის დღეს ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
ევროპის დღეს ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ღია წერილით მიმართეს ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს — ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს.
ორგანიზაციების განცხადებით, წერილი გამოხატავს მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ — მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის.
ახალგაზრდები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, დაიწყოს პირდაპირი და სტრუქტურირებული ახალგაზრდული დიალოგი. მათი წინადადებით, შეიქმნას სპეციალური პლატფორმა ქართველი ახალგაზრდებისა და ევროპული ინსტიტუტების გამართული კომუნიკაციისთვის.
„ქართველი ახალგაზრდების არჩევანი უცვლელია. ჩვენთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკური ასპირაცია არ არის — ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის ღირსებას”, — ნათქვამია წერილში.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხარდაჭერა, არამედ თანამონაწილეობა საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში.