საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩს გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელები ჯერ არ გადაუცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია რწმუნებათა სიგელები ალექსანდრე კარტოზიასგან, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. უწყებამ აღნიშნა, რომ თბილისს ბერლინისგან „ოფიციალური განმარტება არ მიუღია“.სამინისტროს ინფორმაციით, კარტოზია ელჩად 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა, გერმანიის მიერ 2025 წლის 10 სექტემბერს მინიჭებული აგრემანის საფუძველზე, თუმცა მას ჯერ არ წარუდგენია რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისთვის მიუხედავად იმისა, რომ „რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა“.„როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, კომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლადდანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ივნისს.სამინისტროს თქმით, „ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან“.This post is also available in:
English Tagsალექსანდრე კარტოზია გერმანია საქართველო-გერმანიის ურთიერთობა
Copy URL URL Copied