კანონიერი ქურდი, რომელიც 18 წელი ძებნაში იყო, სანქტ-პეტერბურგში დააკავეს
კანონიერი ქურდი იუსიფ ნარუდინ ოღლი ალიევი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში “იუსიფის”, “იუშკას” და “შამხორსკის” სახელითაა ცნობილი, 9 ივნისს დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ მას 18 ივლისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს ზომა აზერბაიჯანში ექსტრადიციის მოლოდინში შეურჩიეს, სადაც მას პატიმრობა 2004 წელს შეუფარდეს და მას შემდეგ ძებნაში იყო.
ალიევი ბანდიტიზმის, უკანონო პატიმრობის, ძარცვისა და იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის იძებნებოდა.
პრესსამსახურმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დეტალებზე ისაუბრა: 1994 წლის აგვისტოში, ბაქოში, მან გაიტაცა მოქალაქე ა., სამი დღის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული, სცემდა და აწამებდა, ნათესავებისგან კი 182,000 დოლარს ითხოვდა;
1995 წლის თებერვალში “იუსკამ” მონაწილეობა მიიღო მოქალაქე ე.-ს შეიარაღებულ თავდასხმასა და გატაცებაში, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული 150 000 აშშ დოლარის გამოსასყიდის სანაცვლოდ.
როგორც რუსული მედია წერს, აზერბაიჯანის მიერ ალიევის გათავისუფლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ის რუსეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა, არ იყო სანქტ-პეტერბურგში რეგისტრირებული, არ ჰყავს ოჯახი და შვილები და ოფიციალურად უმუშევარია. ალიევს რუსეთში არ აქვს ნასამართლობა და არ მიუმართავს რუსეთის მოქალაქეობის ან პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.
ალიევმა დაპატიმრება გააპროტესტა და განმარტა, რომ არავისგან არ იმალებოდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა იგი მაკაროვას სანაპიროზე მდებარე სახლში 9 ივნისის დილით დააკავეს.