კამბოლოვი, ძალიან მაღალი კლასის რუსი ჩინოვნიკი მოდის ცხინვალში, რომლის ამოცანა იქნება გახდეს ფარული მომლაპარაკებელი თბილისთან - რას ამბობს პაატა ზაქარეიშვილი
“ქართულ ოცნებას“ ორი დიდი ოცნება აქვს. ევროკავშირმა უნდა გვითხრას უარი გაწევრიანებაზე; მეორე დიდი ოცნება, რუსეთმა მიითვისოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - “ჩვენ რა შუაში ვართ, სააკაშვილმა ეს ყველაფერი გააფუჭა, წულუკიანის კომისიამ ეს დაამტკიცა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. როგორც ზაქარეიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენებს თანდათან კარგავს და რეგიონში მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველო რჩება. მისი შეფასებით, რუსეთს საქართველოსთან ინსტიტუციური კავშირები პრაქტიკულად არ გააჩნია და ამიტომ ცდილობს ისეთი ბერკეტების შექმნას, რომლებიც ქვეყანაზე გავლენის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს. “ფაქტია, რომ რუსეთი ყველგან ყველაფერს კარგავს. ერთადერთი კუნძული, სადაც რაღაცის შენარჩუნების შანსები აქვს არის საქართველო, არა კავკასია, არამედ საქართველო. აქ არაფერს ირებს ზედმეტს, მაგრამ არც კარგავს. არ დაკარგავ უკვე სტრატეგიული წარმატებაა. კავკასიაში 2020 წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანი დაკარგა და გაძლიერდა თურქეთი. სომხეთმა აზერბაიჯანთან შერიგება თავად დაიწყო, აღარ სჭირდება რუსეთი. აშკარად, კავკასიის დაკარგვის მაღალი ალბათობაა. სომხეთი საქართველოსთან არის მიბმული. გაჩერებული ევროპული პერსპექტივით საქართველო უფრო წინ არის, ვიდრე მოძრავი სომხეთი. სომხეთი უფრო მიერთებულია რუსეთთან, ვიდრე საქართველო. საქართველო საერთოდ არ არის ჩაბმული რუსეთთან, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. საქართველო დისტანციურად არის რუსეთთან ყველა ინსტიტუციური ბმიდან. თუ ივანიშვილის რამე მოვიდა, არანაირი ბმა არ აქვს რუსეთს საქართველოსთან. ამიტომ, მას სჭირდება ბერკეტები, რომლითაც საქართველოს მიიბამს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ცხინვალში მიმდინარე პროცესები შესაძლოა მოსკოვის მხრიდან “ქართული ოცნების“ მიმართ ფარული შანტაჟის ფორმას წარმოადგენდეს.
“ეს შეიძლება შანტაჟის ფარული ფორმა იყოს. თუ ეს ასეა, უახლოეს 2-3 თვეში უნდა ვნახოთ. რუსეთი ძალიან ჩქარობს იმდენად, რომ 9 მაისის გაგლოევს ხელი მოაწერინა შეთანხმებას, აშკარად ჩანს, რომ კამბოლოვზე იყო გათვლა. კამბოლოვი შემთხვევითი ადამიანი არ არის. მაღალი დონის რუსი ჩინოვნიკია. სერიოზული ფიგურაა, ცხინვალში ჩასასვლელად არ გაუკეთებია კარიერა. ძალიან მაღალი კლასის ჩინოვნიკი მოდის, რომელიც მკაფიოდ გაატარებს რუსულ პოლიტიკას. ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ანექსია“, - ამბობს ზაქარეიშვილი. ზაქარეიშვილი განცხადებით, რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან მიმართულებით ისეთ საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში თბილისთან ურთიერთობების ახალ ფორმატს უკავშირდებოდეს. მისი შეფასებით, კამბოლოვი შემთხვევითი ფიგურა არ არის და მას კარგად ესმის, თუ როგორ მუშაობს კრემლის პოლიტიკური სისტემა. პოლიტოლოგმა ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე პირების შესაძლო საკადრო ცვლილებები ვიხილოთ. “რუსეთს ძალიან მალე დასჭირდება ურთიერთობების გადატვირთვა. საქართველოში ჰგონიათ, რომ მარტო პუტინია ოსეთი და სხვა არაფერი, სინამდვილეში ასე არ არის. სინამდვილეში მთელი გუნდია. კირიენკოა, ჩრდილოეთ კავკასიის ლიდერები არიან, ამ ფონზე ნამდვილად კამბოლოვი უნდა გამოდგეს, რომელმაც იცის რა ხდება კრემლში. ეთნიკურად ჩრდილოეთ ოსეთიდან არის. მისი მთავარი ამოცანა იქნება მოსპოს კორუფცია, შეწყვიტოს კლანების მმართველობა და გახდეს ფარული მომლაპარაკებელი თბილისთან. მას დავალებები ექნება საქართველოსთან ურთიერთობებში. თუ აღმოჩნდება, რომ თეა ახვლედიანი გადააყენეს ე.ი. ამას უკავშირდება. მეორე ვარიანტი, ლაშა დარსალია არის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა კონფლიქტების საკითხებში მოლაპარაკებებზე, ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია. თუ ლაშა დარსალია მოაცილეს კონფლიქტებს და აღარ დაიწყო ჟენევაში სიარული, ესეც ამ საერთო პოლიტიკის ნაწილი შეიძლება იყოს. საქართველო ადასტურებს იმას, რომ არ ერევა რუსულ საქმეებში საქართველოში. დაახლოებით, შემდეგი შეთანხმებაა: “მე არ მოვიწონებ და არ დაგეთანხმები რას აკეთებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მე არ ჩავერევი შენს საქმეებში“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.