ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის "პრემიერად" მარატ კამბოლოვი აირჩიეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა “მთავრობის მეთაურის” პოსტზე მარატ კამბოლოვს დაუჭირა მხარი.კამბოლოვმა ე.წ დეპუტატებს “მინისტრთა კაბინეტის” მუშაობის მთავარი პრინციპები წარუდგინა. მისი სიტყვებით, “ყველა სამთავრობო გადაწყვეტილების ცენტში უნდა იყოს ადამიანი”.მან მთავარ გამოწვევად დემოგრაფიული მდგომარეობა დაასახელა.”30 წლის წინ რესპუბლიკაში 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 50 ათასზე მეტი. რეალურად კი, როგორც ვიცით, ნაკლები”, - თქვა მან და დაამატა, რომ მთავარი შეკითხვა, რასაც პასუხი უნდა გასცენ, არის “რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის [მთავრობა] ოსეთში მცხოვრებთათვის”.თავისი სამუშაოს მთავარ მიმართულებებს შორის კამბოლოვმა პრიორიტეტულად განათლება დაასახელა.”სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში იქმნება ქვეყნის მომავალი”, - თქვა კამბოლოვმა.ის ასევე შეეხო ჯანდაცვის სტრატეგიის შემუშავების საკითხს. ეკონომიკის განვითარებაზე საუბრისას მან თქვა, რომ აუცილებელია აგრარული სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმისა და ციფრული ეკონომიკის განვითარება.განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების მნიშვნელობას.”სწორედ რუსეთის გადამწყვეტი მოქმედებების წყალობით უზრუნველყოფილ იქნა ჩვენი ერის მშვიდობა და უსაფრთხოება ყველაზე რთულ დროს”, - თქვა კამბოლოვმა და ხაზი გაუსვა “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (ასე უწოდებს უკრაინაში ომს რუსეთი) მონაწილეთა სიმამაცეს”.”ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეებთან მხარდამხარ იცავენ უსაფრთხოებას და მდგრად მომავალს”, - თქვა მან.მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. პარლამენტს “მთავრობის მეთაურის” პოსტზე განსახილველად 8 ივნისს წარუდგინა.
ასევე ნახეთ
ოკუპირებული ცხინვალის “პრემიერად” გაგლოევი მარატ კამბოლოვს წარადგენს - მას კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ
“პრემიერის” ახალი კანდიდატურის წარდგენის აუცილებლობა დღის წესრიგში ოფიციალურად ძამბოლატ ტადტაევის გადადგომის შემდეგ დადგა.ვინ არის მარატ კამბოლოვი61 წლის მარატ კამბოლოვი გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია.კამბოლოვის კარიერა თითქმის მთლიანად უკავშირდება რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სამსახურს. „კურჩატოვის ინსტიტუტამდე“ მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში, ეროვნებათა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში, ასევე მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი ჩინი — პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი — აქვს მინიჭებული.მარატ კამბოლოვი — 1987-1990 წლებში მუშაობდა საკავშირო ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირის (ВЛКСМ) არჩევით ორგანოებში; 1991-1994 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1994-1997 წლებში — რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროს განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1997-2003 წლებში — რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროსთან არსებული რუსეთის ხალხთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2003-2004 წლებში — რუსეთის ფედერაციის მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველი; 2005 წლის ივნისიდან — მეცნიერებისა და ინოვაციების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე; 2010 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე — რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2021 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრამდე — “კურჩატოვის ინსტიტუტის” დირექტორი. განათლება: 1988 წელს დაამთავრა გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი; 1994 წელს — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემია; 1996 წელს — რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემია; 1998 წელს — მოსკოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი სპეციალობით „იურისპრუდენცია“; 2005 წელს — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემია სპეციალობით „სახელმწიფო მართვა“. ჯილდოები: დაჯილდოებულია „მეგობრობის ორდენით“ (2012), ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ — IV ხარისხის (2014) და III ხარისხის (2018).იმის თაობაზე, რომ კამბოლოვს კრემლი თავად გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებს, რადიო თავისუფლება რამდენიმე კვირის წინ წერდა.
ასევე ნახეთ
ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელსაც კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ?
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს. ექსპერტების მოსაზრებით, როგორც ჩანს, კრემლი წინასწარ იჭერს თადარიგს.ექსპერტთა შეფასებით, ცხინვალის რეგიონში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, მოსკოვისთვის გარე მმართველის დანიშვნის იდეა საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება. კრემლის პოზიციიდან ცხინვალის რეგიონს სჭირდება არა მხოლოდ დამატებითი ფინანსური რესურსები, არამედ ადმინისტრაციული მართვის ახალი მოდელი, რომელსაც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა შეეძლება.