← მთავარი
პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება

23 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტ ლიდერად კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ინიშნება

რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა, რეგიონის მარიონეტი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, გადადგომის შემდეგ მის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. გაგლოევი ვლადიმირ პუტინის მრჩევლად ინიშნება.

კამბოლოვის კანდიდატურა ე.წ. პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მაისის შუა რიცხვებში წარადგინა მარიონეტმა ლიდერმა ალან გაგლოევმა. 16 ივნისს მისი კანდიდატურა ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა, რის შემდეგაც იგი დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მანამდე, 2026 წლის 9 მაისს, რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმდა შეთანხმება ”რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაღრმავებული სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ”. დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით რუსეთის სახელმწიფო დუმამაც დაარატიფიცირა, რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაიკავონ ე.წ. სახელმწიფო თანამდებობები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ისევე როგორც ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს — რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში.

მარატ კამბოლოვი რუსეთის მოქალაქეა და წლების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა თანამდებობები რუსეთის მთავრობაში, მოგვიანებით კი მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “კურჩატოვის ინსტიტუტში”, სადაც 2014-2026 წლებში ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა.

“კურჩატოვის ინსტიტუტის” პრეზიდენტი მიხაილ კოვალჩუკია. მიხაილ და იური კოვალჩუკები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს გარემოცვასთან ასოცირებულ პირებად მიიჩნევიან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედი ე.წ. კანონმდებლობის თანახმად, მარიონეტი პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ე.წ. ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე სწორედ დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე ასრულებს. შესაბამისად, ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ, რეგიონის დე ფაქტო ლიდერის მოვალეობის შესრულება მარატ კამბოლოვს დაეკისრა.

← მთავარი