← მთავარი
სპორტი

[კალათბურთი. ტრანსფერი] ლუკასთან შეთანხმებით | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge · lelo.ge
[კალათბურთი. ტრანსფერი] ლუკასთან შეთანხმებით | Lelo.Ge

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სლოვენიელი ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი პირადად იყო ჩართული ლოსანჯელესელთა ბოლოდროინდელ ტრანსფერებში და იმით, რომ გუნდმა ყველა სასურველი მოთამაშე გადაიბირა, ძალიან კმაყოფილი დარჩა. შესაბამისად, სწორედ დონჩიჩის აზრის გათვალისწინებით მოხდა კალიფორნიაში სანდრო მამუკელაშვილის გადაბარგებაც, რომელიც მომავალ სეზონში გუნდის სასტარტო ხუთეულშიც კი მოიაზრება. ამის შესახებ The Athletic-ის დენ ვოიკი წერს.

„ლეიკერსმა“ სატრანსფერო პერიოდში ძალიან იაქტიურა და ამით გარკვეული კითხვები გააჩინა. მაგალითად, ბევრის აზრით, ლოსანჯელესელებმა ძალიან დიდი ფსონი გააკეთეს უოკერ კესლერზე, რომელსაც ოთხ წელიწადში 130 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ. მას ხომ მხრის სერიოზული ტრავმის გამო ლამის მთელი სეზონი გაუცდა. გარდა ამისა, გუნდმა გაიფორმა სანდრო მამუკელაშვილი (52 მილიონი ოთხ წელში), კვენტინ გრაიმსი (60 მილიონი ოთხ წელში) და კოლინ სექსტონი (19 მილიონი ორ წელში). მოსალოდნელია, რომ ლოსანჯელესელთა ბოლო დანამატი ჯონატან კუმინგა იქნება ატლანტადან, რომელმაც მსუბუქი ფორვარდის პოზიცია უნდა გააძლიეროს.

არსებული ინფორმაციით, ყველაფერი ლუკა დონჩიჩთან შეთანხმებით ხდება, რომელიც უკვე განხორციელებული გარიგებებით „აღტაცებული დარჩა“. ლუკას უპირველესი მოთხოვნა სწორედ კესლერის დამატება და ოსტინ რივზის შენარჩუნება იყო, რომელსაც კლუბი ოთხ წელში 185 მილიონი დოლარის გადახდაზე დათანხმდა. ცხადია, სლოვენიელთან გაიარეს სხვა ახალწვეულებთან დაკავშირებული საკითხებიც. მიუხედავად იმისა, რომ დონჩიჩი დასვენების პერიოდს ევროპაში ატარებს და ამერიკასთან დროში საგრძნობი სხვაობა აქვს, მისი მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ სატრანსფერო თემებთან დაკავშირებით ის აუცილებლად საქმის კურსში უნდა ყოფილიყო.

Lakeshowlife-ის აზრით, NBA-ს 2026/27 წლების სეზონში ლეიკერსის სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება: ლუკა დონჩიჩი, ოსტინ რივზი, ჯეიკ ლარავია, სანდრო მამუკელაშვილი და უოკერ კესლერი. მეორე ხუთეული ასეთია: კოლინ სექსტონი, ქვენტინ გრაიმსი, კამერონ კარი, ჯარედ ვანდერბილტი, დეანდრე აიტონი.

„ცხადია, ლოსანჯელესელთა ამ ხუთეულის სიძლიერე ჯერ გამოსაცდელია. კესლერს დაცვაში ჰაკიმ ოლაჯუვონივით მოუწევს თამაში, რათა ამ შემადგენლობის ნაკლოვანებები აანაზღაუროს. დონჩიჩიც და რივზიც დაცვაში პრობლემურები არიან, მამუკელაშვილსაც პრობლემები ჰქონდა ტორონტოს პლეი ოფის თამაშებში.

სამაგიეროდ, ეს არის პოტენციურად ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ხუთეული - დონჩიჩი და რივზი ჯამში თამაშში 60 ქულას იოლად დააგროვებენ, გრაიმსი ბოლო სეზონების განმავლობაში ყველაზე დაუფასებელი მექულე მცველი იყო, ხოლო მამუკელაშვილს თავისუფლად შეუძლია ის როლი შეასრულოს, რაც ტორონტოში ჰქონდა, მისი კარიერის კატალიზატორ გუნდში.

როგორც ჩანს, პელინკა ფსონს ლუკას შემტევ ბრწყინვალებას და კესლერის ძლიერ დაცვაზე აკეთებს. ქულების რაოდენობით, ლეიკერსი შესაძლოა, ლიდერიც გახდეს“, - წერს გამოცემა.

ფინანსურ დეტალებს რაც შეეხება. 2026/27 წლების სეზონში სანდრო მამუკელაშვილის ხელფასი $12,093,023 იქნება, რაც ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე მეტია. მამუს ხელფასი ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასზე მეტი იქნება მომდვენო სეზონში.

სანდროს ეს ხელფასი ლეიკერსში ხუთეულში არაა, მეექვსეა. მის უშუალო კონკურენტ ვანდერბილტს ოდნავ დიდი ხელფასი ექნება. აღსანიშნავია, რომ მომავალ სეზონში სლოვენიელი სუპერვარსკვლავი თითქმის 50 მილიონ დოლარს მიიღებს.

← მთავარი