პროტესტანტ ნინო კალანდიას შშმ შვილის საპენსიო ანგარიში დაუყადაღეს
ნინო კალანდია, 2024 წლიდან მიმდინარე პროდასავლური აქციების მონაწილე, ამბობს, რომ „ლიბერთი” ბანკში ყადაღა დაედო მისი არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) შვილის საპენსიო ანგარიშს. ვინაიდან ანგარიშზე ერიცხება არასრულწლოვნის შშმ პენსია, ფორმალური მფლობელი მშობელია. ანგარიშს ყადაღა, კალანდიას თქმით, ერთ-ერთი გამოწერილი ჯარიმის გამო შეიძლება დაედო.
საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარების — შშმ პირის პენსიისა და საარსებო შემწეობის — ანგარიშების ყადაღას ან ამ სახსრებიდან ვალის იძულებით ჩამოჭრას კრძალავს.
კალანდია „რადიო თავისუფლებას” ეუბნება: „ჩავთვალე, დაიცვეს კანონი და საპენსიო ანგარიშს ყადაღა არ დაადეს. დღეს ბანკში შევედი — ანგარიშზე თეთრი აღარ იყო. ბანკში გამარკვიეს, რომ ანგარიში დაყადაღებული იყო. გარდა ამისა, ახლა ბანკი მარიცხავს ჯარიმებს სესხის პროცენტზე, რომელიც ყადაღის გამო ვერ გადაიხადა — ახლა ჯარიმა მეტია, ვიდრე თავდაპირველი გადასახდელი.”
კალანდიამ ინფორმაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიაწოდა; ბიუროში განუმარტეს, ორშაბათს ბანკიდან ამონაწერი უნდა წარმოადგინოს. ამ შემდეგ ინციდენტი განხილული იქნება.
კალანდიას ჯამში 15 ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს გამოწერილი პროდასავლური გამოსვლებში მონაწილეობისთვის. 2024 წლის ნოემბრიდან, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შემდეგ, საქართველოში პროდასავლური აქციები შეუჩერებლად მიმდინარეობს.