← მთავარი
სამართალი

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველმა კაპიტანმა ბრალი აღიარა

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველმა კაპიტანმა ბრალი აღიარა

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველმა კაპიტანმა აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის დანაშაული აღიარა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

“47 წლის ავთანდილ კალანდაძემ, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერის ყოფილმა კაპიტანმა, რომელსაც წარსულში ირანული და ვენესუელური ნავთობი აშშ-ის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ გადაჰქონდა, დღეს საოლქო სასამართლოში ბრალი აღიარა, კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნის დროს აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, კალანდაძემ დანაშაული მოსამართლე ბერილ ა. ჰოუელის წინაშე აღიარა, ხოლო მისი განაჩენის გამოტანა 7 აგვისტოს არის დაგეგმილი. სანაპირო დაცვის ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ ავთანდილ კალანდაძის დეპორტაცია მოხდება. „კალანდაძის მიერ დანაშაულის აღიარება გაფრთხილებად უნდა იქცეს „ჩრდილოვანი ფლოტის“ მფლობელებისთვის, ოპერატორებისთვის და ყველასთვის, ვინც მართავს ან სხვაგვარად მხარს უჭერს ამ სახიფათო გემებს“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ა. ეიზენბერგმა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, კალანდაძე ტანკერის Bella 1-ის კაპიტანი 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო, რა დროშიც მან აზიაში 1.8 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი გადაიტანა. „ამ პერიოდში კალანდაძე Bella 1-ის გადაადგილების დასამალად სხვადასხვა გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა, მათ შორის, გადაადგილდებოდა გამორთული ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემით (AIS) და ნავთობის გადატვირთვისას გემის დასახელებას მალავდა“, - აღნიშნულია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1 ირანიდან ვენესუელისკენ 2025 წლის აგვისტოში გავიდა. აშშ-მა ნავთობტანკერის დაკავება 21 დეკემბერს კარიბის ზღვაში ვენესუელის ბლოკადის დროს სცადა, ხოლო ამერიკელმა სამხედროებმა ნავთობტანკერი ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის გემის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიიდან წაიყვანა. ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს წაუყენეს.

← მთავარი