რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე
“მესმის, რომ ქართველები ვართ, ემოციურები ვართ, მესმის, რომ რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია”, — ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, “ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი ის, რაც პარლამენტში მოხდა”.
“ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ. ყველამ პატივი უნდა სცეს პარლამენტის ინსტიტუტს. უმჯობესია ურთიერთობები პოლიტიკურ და საქმიან დისკუსიაში გადაიზარდოს და არა სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არაა მისასალმებელი.
მე არც პროკურორი ვარ, არც გამომძიებელი და დეტალებში ვერ შევალ, ვინ დაიწყო და რა მოხდა. საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივმართო - მესმის, რომ ქართველები ვართ, ემოციურები ვართ, მესმის, რომ რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ.
ზოგადად სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებშიც ხდება მსგავსი ინციდენტები და არ არის სასიამოვნო საყურებელი. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი ჩვენთანაც მოხდა”, — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე.
“არათუ ქვეყანა, “ქართული ოცნებაც” არ იმსახურებს ასეთ პრემიერს” — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური დაპირისპირება 26 ივნისს, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა: “პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში, მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში”.
გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ისიც თქვა, რომ “არათუ ქვეყანა, ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ასეთ პრემიერს” — ამ სიტყვების შემდეგ პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. როგორც მან “ტვ პირველთან” საუბრისას თქვა, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო, ყველაზე მეტად მათი თანაპარტიელი გიგა ფარულავა დაშავებული.
ცოტნე ივანიშვილის აცხადებს, რომ მამამისი პირადად დაინტერესდება რას ემსახურებოდა პარლამენტში მომხდარი პროვოკაცია