კახა კალაძე დედაქალაქში მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც სანიაღვრე ქსელებში ხვდება, ხელს უშლის წყლის გადინებას.
ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ორი დღის წინ თბილისში მოსული უხვი ნალექის მიერ გამოწვეული შედეგები შეაჯამა.
მისივე განმარტებით, პრობლემას ასევე ქმნის სანიაღვრე ქსელების მოძველება ან მისი არარსებობა.
„2017 წლიდან ასეა - როდესაც ვიწყებთ ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველ რიგში, ვაწესრიგებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. არ დარჩენილა ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ჩავიდა.