კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ“, — ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას — ტელეკომპანია „იმედის“ 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოვლინდა. საუბარია „ქარდზე“, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი უახლესი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მან გაათავისუფლა ქვეყანა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისგან.
„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე — ამ შიდა მტრების, უსამშობლო ადამიანებისა და აგენტურის უკან რა ძალა იდგა. ეს ერთი ადამიანი გამოვიდა, სრულიად საქართველო დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა გათავისუფლდა იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდნენ“, — თქვა კახა კალაძემ.