კახა კალაძე: „ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია”
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალების „ერთობა” ფასადია — სინამდვილეში ბრძოლა მიმდინარეობს, ვინ გახდება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი.
„დაპირისპირება რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო, მიუხედავად ზარ-ზეიმისა, რომლითაც ერთობა და ერთიანი პლატფორმა წარმოადგინეს. ბრძოლა მიდის, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია. თუ შევხედავთ, ვინ არიან ეს ადამიანები — ისინი გარედან იმართებიან. ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, ნაბიჯი არ გადაუდგამთ. პირიქით, ყოველთვის სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ისინი „ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან,” — განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის შეფასებით, ოპოზიციას არც რესურსი გააჩნია და არც საზოგადოების მხარდაჭერა.
„ოპოზიციაში განხეთქილება, რომელზეც ადრე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ, ახლა ყველასთვის ხილულია. ამ ადამიანებს არანაირი საზოგადოებრივი ნდობა არ გააჩნიათ. როდესაც ხარ პოლიტიკოსი, ქვეყნის ინტერესებით უნდა იხელმძღვანელო. ეს ადამიანები კი მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეულნი: ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. ამიტომ, საზოგადოებაში ნდობა არ გააჩნიათ,” — განმარტა თბილისის მერმა.