← მთავარი
პოლიტიკა

"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

26 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge

“კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის დამოკიდებულება”, — ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე 22 ივნისს ლოტკინის დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, როცა ერთ-ერთ სკვერში, რკინის კონსტრუქცია — სარწეველა საქანელა 14 წლის მოზარდს დაეცა. “მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. მე დაახლოებით ვიცი, თუ რა მოხდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება და კონკრეტულ ფაქტზე საუბარი, ვფიქრობ, არასწორი იქნება. კატეგორიულად, კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის დამოკიდებულება”, — თქვა კალაძემ. მას შემდეგ რაც ტვ პირველის ჟურნალისტმა ჰკითხა, ვინაა მომხდარზე პასუხისმგებელი, რადგან 14 წლის მოზარდი რკინის კონსტრუქციას ვერ წააქცევდა, კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა, რომ ისინი ქვეყნის და ქალაქის მიმართ მტრულ საქმიანობას ეწევიან. მისივე თქმით, ჟურნალისტებს სურთ, რომ ყველაფერი მას დაჰბრალდეს. “თქვენ შეიძლება ეხლა რაღაც სხვა პოლიტიკური შეხედულება გაქვთ, დაკავებული ხართ მტრული საქმიანობით ქვეყნის წინააღმდეგ, მტრული საქმიანობით ქალაქის წინააღმდეგ. კონკრეტულად გამოიხატება ეს თქვენს კონკრეტულ ყოველდღიურ ქმედებაში. აი, ეხლა მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, წაგართვათ და თავში ჩაგარტყათ და რომ გითხრათ, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ, არა ვარ დამნაშავე, იმიტომ რომ თქვენ მიკროფონი მყარად არ გეჭირათ ხელში, აი იგივე შედარებას აკეთებთ… შესაბამისად, ყველაფერი ჩემი ბრალია, ეს გინდათ თქვენ”, — თქვა კალაძემ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, მერის თქმით, გამოძიება დაადგენს ვისი ბრალეულობა იყო და მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, ვანდალიზმი კი მიუღებელია. “პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, დაეკისრება პასუხისმგებლობა. კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი და რამდენიმე ადამიანის კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე და ვანდალიზმის ფაქტიდან გამომდინარე, როდესაც აზიანებ, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება [რეაგირება]”, — განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე, 14 წლის გოგონას სკვერში რკინის კონსტრუქცია — სარწეველა საქანელა დაეცა, რის შედეგადაც მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია

← მთავარი