კაკაურიძე: პროდუქტების გაიაფებას რატომ ელოდით, არ ვიცი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გამოთქვამს გაოცებას საზოგადოების მოლოდინზე — ბოლო ერთ თვეში პროდუქტებზე ფასები რომ დაეწია.
„გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი. ამ საკითხზე კომისია მუშაობდა და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა. გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ნაწილობრივ ტრანსპორტირების ხარჯებით არის გამოწვეული, ხოლო ამის ერთ-ერთი მიზეზი საწვავის გაძვირებაა,” — განაცხადა მან „ტვ პირველთან” საუბრისას.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისში წლიური ინფლაცია 5,7%-ს მიაღწია, ხოლო თვიური — 0,3%-ს. ფასების ზრდას ყველაზე მეტად სამი სფერო განაპირობებს:
სურსათი და სასმელები — ფასები 5,2%-ით გაიზარდა. ყველაზე მკვეთრი ზრდა: თევზეული (20,9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10,1%), პური და პურპროდუქტები (7,0%), ხილი და ყურძენი (6,5%), ზეთი და ცხიმი (6,1%).
ტრანსპორტი — ფასები 15,1%-ით გაიზარდა, ძირითადად პირადი ავტომობილების ექსპლუატაციის (22,7%) და სატრანსპორტო მომსახურების (9,3%) ხარჯზე.
საბინაო მომსახურება (წყალი, ელექტროენერგია, გაზი) — ფასები 7,0%-ით გაიზარდა.
სასტუმრო-სარესტორნო სერვისები — ფასები 7,6%-ით, ალკოჰოლი და თამბაქო — 7,2%-ით, ჯანდაცვა — 5,1%-ით გაიზარდა.
ბოსტნეულისა და ბაღჩეულის სეგმენტში ფასები 7%-ით შემცირდა.
მთავრობამ ინფლაციის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შექმნა, პარლამენტის დასკვნაც მომზადებულია.