ქართველი ლეგიონერი ილია კაიკაციშვილი საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა 12-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. გარდა ამისა, მას 5 000 ევროს ჯარიმა დაეკისრა.
მიზეზი 3 აპრილს მომხდარი ინციდენტია: „ნევერი–ბეზიეს” მატჩის დასრულების შემდეგ კაიკაციშვილი ავტოსადგომზე მოწინააღმდეგე გუნდის მორკინალთან ჩაება ჩხუბში. სადისციპლინო კომიტეტმა ორივე მონაწილე ერთნაირად — 12 კვირით და 5 000 ევრო ჯარიმით — დასაჯა. ორივე კლუბსაც ჯარიმა დაუკისრა.
ასეთი ინციდენტი, რეგლამენტის მიხედვით, 24-კვირიან სასჯელს ითვალისწინებს, მაგრამ შემამსუბუქებელი გარემოებების გამო — სინანულის გამოხატვა, დანაშაულის აღიარება და მოსმენაზე სათანადო ქცევა — სასჯელი განახევრდა.