"არ მიხარია" – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს
ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერი რამზან კადიროვი მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის კანდიდატად წარადგინეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის მომავალ არჩევნებში.
გადაწყვეტილება გროზნოში გამართულ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე ერთხმად მიიღეს.
“სიმართლე რომ ვთქვა, არ მიხარია, რომ არჩევნებში ვმონაწილეობ. მე რომ მეკითხებოდნენ, სხვა კანდიდატს ავირჩევდი, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რესპუბლიკაში დიდი შრომაა ჩადებული, დღეს კი გვყავს გუნდი, რომელიც საათივით მუშაობს.” - თქვა კადიროვმა.
მისივე თქმით, “იძულებულია” არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
“დარწმუნებული ვარ, ხალხი მხარს დამიჭერს. თუ ხალხი მხარს დამიჭერს, მზად ვარ, ხალხს ვემსახურო.” - თქვა კადიროვმა.
ივლისის დასაწყისში კადიროვი პირველად 2007 წლის შემდეგ არ მოხვდა ერთიანი რუსეთის ჩეჩნური ორგანიზაციის იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც სახელმწიფო დუმის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. 2021 წლის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებზე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მან ხმების 99.7% მიიღო.
ბოლო წლებში რუსული და საერთაშორისო მედია, ასევე ტელეგრამ არხები არაერთხელ ავრცელებდნენ ცნობებს კადიროვის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. 2024 წლის აპრილში ნოვაია გაზეტა ევროპა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კადიროვს 2019 წელს პანკრეასის ნეკროზის დიაგნოზი დაუსვეს. თავად კადიროვს ეს ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებია.