← მთავარი
მსოფლიო

როგორ ხვდებიან "კადიროვის კილერები" ომში და რა იერარქიული სხვაობაა მათ შორის

18 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
როგორ ხვდებიან

უკრაინაში ომში მოკლეს არტურ დენისულტანოვი, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო კრიმინალური ავტორიტეტის, შემდეგ კი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის „პირადი მკვლელის“ სახელით. რესპუბლიკის მკვიდრთ, რომლებიც პოლიტიკურ მკვლელობებში იყვნენ ჩართულნი, ადრეც გზავნიდნენ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაში მონაწილეობის მისაღებად. როგორ აღმოჩნდნენ ისინი ომში და რა დაემართათ შემდეგ, ამის შესახებ მოთხრობილია Kavkaz.Realii-ის მასალაში.57 წლის დენისულტანოვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „მედიაზონამ“ გაავრცელა სამოქალაქო რეესტრის ოფისის გაჟონილ ჩანაწერებზე დაყრდნობით. დოკუმენტში მითითებულია, რომ გუდერმესის მკვიდრი, მრავალჯერ ნასამართლევი დენისულტანოვი 2024 წლის 2 ნოემბერს მოკლეს დონეცკის რეგიონში, სელიდოვოს მახლობლად. ქალაქისთვის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა იმავე წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე და საბოლოოდ ის რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. მაშინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა სელიდოვოში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.ადრე დენისულტანოვის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინულმა პროექტმა „მინდა ვიცოცხლო“. ის მისი საბრძოლო ჟეტონის ნომრით ამოიცნეს. „ავტორიტეტი“ რიგით ჯარისკაცად მსახურობდა 27-ე მოტომსროლელ დივიზიაში. ეს ქვედანაყოფი კერძოდ ცნობილია 2000 წელს გროზნოს შტურმში მონაწილეობით.

დენისულტანოვს მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა ბანდიტური ბედის იმედი - ზოგჯერ უმართლებდა

დენისულტანოვს, რომელიც სხვადასხვა გვარითა და მეტსახელი „დინგოთი“ არის ცნობილი, ჰქონდა მდიდარი კრიმინალური წარსული, რომელსაც მედიაშიც ჰყვებოდნენ და წიგნშიც „განგსტერული პეტერბურგი: 25 წლის შემდეგ“. პირველი პატიმრობა ჯერ კიდევ 1990 წელს მიუსაჯეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის მიერ გამოცხადებული ამნისტიით. 1990-იანების ბოლოს „ავტორიტეტი“ სანქტ-პეტერბურგის ჩეჩნური დიასპორის სახელით გამოდიოდა, მონაწილეობდა ტელეგადაცემებში და, გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ბიზნესმენების გატაცებასა და გამოძალვაში იყო დასპეციალებული. იმ დროს მისი ბიძა ლენინგრადის ოლქში მუშაობდა გამომძიებლად.1998 წელს ადამიანის გატაცების შემდეგ დენისულტანოვის დაკავებას შეეცადნენ. მან პოლიციის რამდენიმე მანქანას შეაჯახა ავტომობილი და გაქცევა მოახერხა. ის ყალბი საბუთებით ჩავიდა ხარკოვში, სადაც მის წინააღმდეგ ასევე აღიძრა საქმე.ამის შემდეგ უკრაინამ დენისულტანოვი რუსეთს გადასცა, მაგრამ ის კვლავ გადაურჩა სასჯელს: 1999 წელს ის გაცვალეს ჯარისკაცში, რომელიც ჩეჩნეთში ჰყავდათ დაკავებული. ზოგიერთი ცნობით, დენისულტანოვის მამამ ჯარისკაცი ექვსი ათასი დოლარის სანაცვლოდ გამოისყიდა. სხვების თანახმად, გაცვლა გენერალური პროკურატურის მითითებით განხორციელდა. არსებობს მესამე ვერსიაც: ინგუშეთში მესაზღვრე სპეციალურად, „გამიზნულად“ გაიტაცეს, რათა „ავტორიტეტის“ გასათავისუფლებლად გამოეყენებინათ.

არტურ დენისულტანოვი კიევის ციხეში

მალე ის სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და კრიმინალური საქმიანობა განაგრძო, მაგრამ 2002 წელს, მორიგი თაღლითობის შემდეგ, გერმანიაში გაიქცა. ვებსაიტ „რუსპრესის“ ცნობით, იქ მან ლტოლვილის სტატუსის მიღება სცადა იმ მოტივით, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები სდევნიდნენ.დენისულტანოვმა ვერ შეძლო ევროპაში ლეგალური სტატუსის მოპოვება: თავდაპირველად იგი ეჭვმიტანილი იყო აუგსბურგში ბიზნესმენის შეიარაღებულ ძარცვაში, შემდეგ კი, 2003 წელს, დააკავეს და გაასამართლეს ძალადობის მუქარით შანტაჟისა და გამოძალვისთვის.2008 წლის ივნისში ის ახალი სახელით წარუდგა ავსტრიის პოლიციას. ერთი ვერსიით, ის თავისით გამოცხადდა, მეორე ვერსიით, ის „ჩაუშვა“ უმარ ისრაილოვმა, ჩეჩნეთის ლიდერის ყოფილმა მცველმა. დენისულტანოვმა განაცხადა, რომ კადიროვმა უბრძანა მას, „დაერწმუნებინა“ ისრაილოვი, რომ უარი ეთქვა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანაზე, რომელშიც პირველად იყო შიგნიდან დეტალურად აღწერილი რესპუბლიკაში საიდუმლო ციხეები და წამების სისტემა და თუ ვერ მოახერხებდა, გაეტაცებინა ან მოეკლა ის.პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილებისთვის ჩვენების მიცემისას დენისულტანოვი ამტკიცებდა, რომ ჩეჩნეთში შეიქმნა სპეციალური ქვედანაყოფი რეჟიმის კრიტიკოსების ლიკვიდაციისთვის და რომ „გასანადგურებელთა სიაში“ 300 ადამიანი იყო. მან კვლავ მოითხოვა თავშესაფარი. ავსტრიის ხელისუფლებამ მას თავშესაფარზე უარი უთხრა და რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, 2009 წლის იანვარში, ისრაილოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ვენაში. მოსკოვში მყოფმა დენისულტანოვმა უკან წაიღო თავისი ჩვენება: განაცხადა, რომ თითქოს არ იცნობდა კადიროვს და არ მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურებში.2009-2010 წლებში „ავტორიტეტი“ რუსეთში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის წინა ბრალდებებზე და საბოლოოდ გაასამართლეს ქურდობისა და ძალადობის მუქარისთვის.

ასევე ნახეთ

„მე ვხატავ სამყაროს ისეთს, როგორიც არის“ – პუტინისა და “რუსკი მირის” მამხილებელი მხატვარი ემიგრაციაში მოკლეს

2017 წელს ვადამდე გათავისუფლების შემდეგ დენისულტანოვი, რომელიც ფრანგ ჟურნალისტად ასაღებდა თავს, კიევში შეეცადა მოეკლა უკრაინის მხარეზე მებრძოლი ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მეთაური ადამ ოსმაევი. ოსმაევის მეუღლემ, ამინა ოკუევამ, მოასწრო საპასუხო ცეცხლის გახსნა და თავდამსხმელი მძიმედ დაჭრა. ოსმაევი გადარჩა, მაგრამ ოკუევა რამდენიმე თვის შემდეგ მოკლეს კიდევ ერთი თავდასხმის დროს.მკურნალობის შემდეგ დენისულტანოვი დააკავეს. 2019 წელს კიევმა მას ყველა ბრალდება მოუხსნა და თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ მოახდინა მისი ექსტრადირება უკრაინელი სამხედრო ტყვეების გაცვლის ფარგლებში. „კომერსანტი“ იუწყებოდა, რომ რუსეთში დაბრუნებამდე „ავტორიტეტი“ სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა „სახალხო მილიციის“ შემადგენლობაში.

ცხადია, რომ 60 წელს მიტანებულ კაცს ფრონტის ხაზზე გაგზავნიდნენ

ეს გამოცდილება დენისულტანოვს 2023 წელს დაეხმარა, როდესაც მოსკოვის სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თაღლითობისთვის. თუმცა, თანამზრახველისგან განსხვავებით, სასჯელის მოსახდელად საერთო და არა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაგზავნეს - სწორედ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გამო. უცნობია, როდის ჩაირიცხა ის რუსეთის რეგულარულ არმიაში.დენისულტანოვი „კადიროვის კილერებიდან“ პირველია, ვისი დაღუპვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ის არ იყო ერთადერთი, ვინც უკრაინაში გაგზავნეს. ჯერ კიდევ 2022 წელს რუსეთის იმ ქვედანაყოფების შემადგენლობაში, რომლებიც ჩეჩნეთიდან იყვნენ, შენიშნეს უსმან მამადიევი და სულთან რაშაევი, რომლებსაც ასევე უკავშირებენ შეკვეთილ მკვლელობებს.მამადიევი არის სავარაუდო მკვლელი ჩეჩენი ბლოგერის, იმრან ალიევისა, რომელიც მანსურ სტარის სახელითაც იყო ცნობილი. 2020 წლის იანვრის ბოლოს მისი გვამი სასტუმროს ნომერში იპოვეს საფრანგეთის ქალაქ ლილში - ალიევს 135 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული დანით. სულთან რაშაევი, ანუ „ბორეცი“ („მებრძოლი“), როგორც მას უწოდებს ჩეჩნეთის ლიდერი, მონაწილეობდა ფსბ-ს ვიცეპოლკოვნიკისა და ჩეჩნური ქვედანაყოფი „გორეცის“ მეთაურის, მოვლადი ბაისაროვის მკვლელობაში, რომელთანაც კადიროვი ღია კონფრონტაციაში შევიდა. „ბორეცი“ 2006 წლის ნოემბერში მოკლეს მოსკოვში „სპეციალური ოპერაციის დროს“. ოფიციალური ვერსიით, მან წინააღმდეგობა გაწია, თუმცა თვითმხილველებმა ეს უარყვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიცეპოლკოვნიკისთვის ნასროლი 11 ტყვიიდან შვიდი რაშაევს ეკუთვნოდა.მამადიევის შესახებ ინფორმაცია უკანასკნელად გამოჩნდა 2025 წლის ბოლოს. ჩეჩნური მოძრაობა NIYSO-ს ცნობით, ის ოისხარის მაცხოვრებლებს ომში გაგზავნით ემუქრებოდა. უცნობია, აქვს თუ არა მას ამჟამად კავშირები არმიასთან ან სხვა ძალოვან სტრუქტურებთან. კადიროვი მას არ ახსენებს.

ასევე ნახეთ

ავსტრიის სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

რაშაევი უფრო შორს წავიდა: მას პოლკოვნიკის წოდება აქვს და ორ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს: ჩეჩნეთში რუსეთის ეროვნული გვარდიის სამმართველოს უფროსის მოადგილისა და დაჯგუფება „სამხრეთის“ მეთაურის მოადგილისა სპეციალური დანიშნულების პოლიციის (ზურგში მოქმედი) ქვედანაყოფების გამოყენებისთვის. რესპუბლიკის მეთაური მას „ძვირფას ძმას“ უწოდებს, დაბადების დღეს ულოცავს და ჯილდოებს გადასცემს. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რაშაევი, როგორც ჩანს, ფრონტზე არ გამოჩენილა, ის ჩეჩნეთში ხვდება მებრძოლებს და „პირადი შემადგენლობის საკონტროლო-საინსპექციო მეცადინეობებს“ ატარებს.კიდევ ერთი „კადიროვის კილერი“, რუსლან გერემეევი, რომელიც პოლიტიკოს ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორად მიიჩნევა, ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოჩნდა მარიუპოლში გადაღებულ ვიდეოში. ჩეჩნეთის ხელმძღვანელი მაშინ ამტკიცებდა, რომ გერემეევს „ყველაზე რთული მონაკვეთი“ მიანდვეს. სამი დღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მძიმედ დაიჭრა.ამჟამად გერემეევი რესპუბლიკაში წვრთნის მებრძოლებს: 2023 წელს ის სათავეში ჩაუდგა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში მყოფ შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონს, რომლის კურატორადაც დანიშნეს ჩეჩნეთის ლიდერის ვაჟი, ადამ კადიროვი.იერარქია თუ ცივი გათვლა?ადამიანის უფლებების დამცველი ალექსანდრ ჩერკასოვი უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ დენისულტანოვი, თავისი „კოლეგებისგან“ განსხვავებით, დაბალი რანგის მსროლელად დაიღუპა და ზურგში არ აღმოჩენილა კადიროვის პოლიციასთან ან როსგვარდიის ქვედანაყოფებთან ერთად.მისი თქმით, ბოლომდე ნათელი არ არის, ვისთვის „მუშაობდა“ დენისულტანოვი, როდესაც Le Monde-ის კორესპონდენტის საფარქვეშ სცადა ადამ ოსმაევის მოკვლა. ოსმაევი ადრე ბრალდებული იყო ვლადიმირ პუტინის მკვლელობის დაგეგმვაში და რუსეთის ხელისუფლება უშედეგოდ ითხოვდა უკრაინიდან მის ექსტრადიციას.გარდა ამისა, 2017 წელს უკრაინაში მოკლულ გამოჩენილ იჩქერიელ მეთაურებს შორის იყო თემურ მახაური, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო ფედერალური დაზვერვის „ანგარიშზე“. მისი მკვლელობა არ გამოძიებულა, მაგრამ მახაურის პარტნიორი, ზელიმხან ხანგოშვილი, 2019 წელს მოკლა ბერლინში „ფედერალურმა“ კილერმა.ჩერკასოვის თანახმად, ასევე გაურკვეველია, როგორ მოხერხდა უკრაინაში დენისულტანოვისთვის ასეთი მაღალი ხარისხის ლეგენდისა და დოკუმენტების ფაბრიკაცია ალექსანდრ დაკარის სახელზე: საქმე ეხებოდა ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციას თუ მუშაობის სხვა დონეს რუსეთის ფედერალურ და არა ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებში

სცადა ეფექტიანი ყოფილიყო, მაგრამ ვერ შეძლო

ის ასევე უცნაურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კიევში დენისულტანოვის ადვოკატი იყო ანდრეი დომანსკი, რომელიც იცავდა „რია ნოვოსტი-უკრაინის“ მთავარ რედაქტორს, კირილ ვიშინსკის: ვის შეეძლო მკვლელისთვის „მაღალი დონის“ დაცვის უზრუნველყოფა?ნებისმიერ შემთხვევაში, განაგრძობს ჩერკასოვი, დენისულტანოვმა ჩეჩნეთის ლიდერი 2008 წელს „თავით ფეხებამდე ჩაუშვა“ ავსტრიის ანტიტერორისტულ უწყებაში და მის ერთგულებაზე საუბარი არ შეიძლებოდა. თუკი მას არ ჰქონდა კადიროვის „სახურავი“ და კოლონიიდან ფრონტზე ჩვეულებრივი წესით წავიდა, მაშინ რუსეთის სამხედრო მანქანისთვის სულ ერთია, ვის ისვრის „ხორცის შტურმში“.„მაგალითად, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის ყოფილი კაპიტანი ედუარდ ულმანი, რომელიც დაუსწრებლად იყო ნასამართლევი ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობებისთვის და მართლმსაჯულებას უკრაინაში ემალებოდა, 2014 წლიდან ინსტრუქტორად იბრძოდა დონბასში პრორუსულ „მოხალისეთა“ ფორმირებებში და ისიც 2024 წელს დაიღუპა,“ იხსენებს თანამოსაუბრე.კვლავ „კადიროვის კილერების“ თემაზე საუბრისას ჩერკასოვი მიუთითებს „ერთგულების გრადაციაზე“. ერთნი, დავალების შეუსრულებლობისა და დამკვეთის ღალატის შემდეგ, სახარჯ მასალად რჩებიან ჭუჭყიანი სამუშაოსთვის. მეორენი, უფრო „წარმატებულები“ და სისხლით შეკრულები, იღებენ თანამდებობებს ძალოვან სტრუქტურებში, სადაც მათ გარანტირებული აქვთ დაცვა და, ყოველ შემთხვევაში, დაუსჯელობა - სანამ ისინი „ფადიშაჰისთვის“ მუშაობენ. ზოგი მაღლა ადის, მაგრამ ეს საქმიანობა ყოველთვის არის დაკავშირებული უკანონო ძალადობასთან და იმის აუცილებლობასთან, რომ განუწყვეტლივ დაადასტურონ ერთგულება, რითაც საფრთხეში აყენებენ საკუთარ რეპუტაციას, ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი.

ასევე ნახეთ

კადიროვის ჩინ-მედლები - გაიგეთ ვინ, რატომ და რისთვის აჯილდოებს ჩეჩნეთის ლიდერს

ამ გრადაციაში დენისულტანოვს ყველაზე დაბალი პოზიცია ეკავა. ის თანაბრად წარუმატებელი იყო მაშინაც, როცა „საკუთარი თავისთვის“ მუშაობდა და მაშინაც, როცა „დამკვეთისთვის“ მუშაობდა ვენაში თუ კიევში. როგორც ჩანს, მან კადიროვის უშიშროების ძალებში ვერა და ვერ მოიპოვა რაიმე თანამდებობა. საბოლოო ჯამში გროზნოდან არავინ გამოსარჩლებია და მას „საერთო რიგის მიხედვით“ სიკვდილი ელოდა, განმარტავს ჩერკასოვი.„დენისულტანოვს მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა ბანდიტური ბედის იმედი - ზოგჯერ უმართლებდა, თუმცა უფრო ხშირად საზამთროს ქერქზე უსრიალდებოდა ფეხი. მაგრამ ახლა მისი იღბალი დასრულდა: როგორც კი თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციაში მოექცა… ცხადია, რომ 60 წელს მიტანებულ კაცს ფრონტის ხაზზე გაგზავნიდნენ“, შენიშნავს თანამოსაუბრე. ის ასევე ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავს იმაში, რომ „ავტორიტეტული ფიგურა“ იბრძოდა და დაიღუპა იმ დივიზიაში, რომელმაც ერთხელ შტურმით აიღო მისი რესპუბლიკა: „არც არის საჭირო კონკრეტული სამხედრო ნაწილის გამოყოფა. როგორ შეუძლიათ ჩეჩნებს იმსახურონ იმავე ფედერალურ რუსულ არმიაში, რომელიც ერთხელ ჩეჩნეთში იბრძოდა? თურმე ეს ძალიან მარტივია: შეგიძლია ქვემეხის ხორცად იქცე იქ, სადაც ეს საჭიროა“.ვარაუდი, რომ არსებობს შიდა იერარქია, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს სამსახურში მყოფ კილერებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობას, მიმზიდველად გამოიყურება და თითქოს ყველაფერს ხსნის, ამბობს ჩეჩენი ადამიანის უფლებების დამცველი აბუბაქარ იანგულბაევი. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. „ვფიქრობ, როდესაც კილერების გუნდი გყავს, ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ეფექტიანობა. აი, ესაა მთელი გრადაცია, თუკი ის საერთოდ არსებობს. და არა აქვს მნიშვნელობა, ნათესავია ეს, მეგობარი თუ სხვა ვინმე. კადიროვმა, დიახ, ყველგან არა, მაგრამ მან უკვე აჩვენა, რომ მხოლოდ ნათესაური კავშირების ფაქტი სრულად არ განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ვინმეს მიმართ, თუ ეს არ არის მისი უახლოესი წრე: მაგალითად, ვაჟი ან ქალიშვილი. და მას შეუძლია მარტივად გადახაზოს და დაივიწყოს ყველაფერი დანარჩენი“, აღნიშნავს თანამოსაუბრე.მას მაგალითად მოჰყავს ჩეჩნეთის ლიდერის ნათესავის, ისლამ კადიროვის ისტორია, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა, მაგრამ 2017 წელს ისინი ჩამოართვეს. მედიის ცნობით, ეს მოხდა რესპუბლიკის ლიდერზე თავდასხმის მცდელობის დაგეგმვაში მონაწილეობის გამო.„ის [ისლამი], რა თქმა უნდა, არც მოკლეს და არც დააპატიმრეს, მაგრამ ბევრი რამ წაართვეს და ახლა ის ჩრდილში რჩება, ყველაფრის გარეშე“, განაგრძობს იანგულბაევი.მისი აზრით, დენისულტანოვის ისტორია „კადიროვის ნებისმიერი კილერის ტიპური ისტორიაა“: „მან სცადა ეფექტიანი ყოფილიყო, მაგრამ ვერ შეძლო, დაბალი „სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი“ აჩვენა. ამ მიზეზით მასზე უარი თქვეს. ის სხვა ორგანოებში წავიდა ბედის საძებნელად და ამით დასრულდა მისი ბედი“.

← მთავარი