იურგენ კლოპი: "ძალები აღვიდგინე და მზად ვარ, ჩავიბარო გერმანიის ნაკრები"!.. | Lelo.Ge
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს და იქვე დასძინა, რომ “ძალები აღიდგინა”, რაც “ლივერპულში” გატარებული პერიოდის შემდეგ მისთვის აუცილებელი იყო.
კლოპი გერმანიის საფეხბურთო კავშირისთვის სასურველი კანდიდატია გახდა მას შემდეგ, რაც იულიან ნაგელსმანი მუნდიალის 1/16 ფინალიდან გავარდნის შემდეგ გადადგა.
“იულიანი გადადგა, საფეხბურთო კავშირი მის შემცვლელზე მუშაობს და ამ საკითხის განხილვის პროცესში პოსტის დაკავების წინადადებით მომმართეს”, - განაცხადა კლოპმა გერმანულ ტელეარხ Magenta TV-ს ეთერში, სადაც ის კომენტარს უკეთებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება მისი მიმდინარე კონტრაქტის გამო, რომლის ძალითაც მას “რედ ბულის” კლუბების ქსელში გლობალური ფეხბურთის ხელმძღვანელის პოზიცია უკავია.
“დაახლოებით ორი წლის წინ დავტოვე “ლივერპული” და ვთქვი, რომ სხვა სამუშაოსთვის ან “ლივერპულში” კიდევ ერთი წლით დარჩენისთვის ენერგია აღარ მეყოფოდა. მაგრამ ძალები სრულად აღვიდგინე და უკვე მზად ვარ”, - თქვა მან.
გერმანიის მომავალ მწვრთნელს რადიკალური ცვლილებების გატარება დასჭირდება. კლოპმა აღნიშნა, რომ მას ფედერაციასთან “ინტენსიური მოლაპარაკებები” დასჭირდება, რათა შეთანხმდნენ იმ საკვანძო პუნქტებზე, თუ როგორ უნდა შეცვალონ უკეთესობისკენ გუნდის მომავალი. მანვე დასძინა, რომ ნაგელსმანი “შესანიშნავი მწვრთნელია” და რომ ნაკრების პრობლემებში ის დამნაშავე არ არის.
“გერმანული ფეხბურთი აშკარად გარდამტეხ მომენტშია. ახლა ყველაფერი ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ. საბოლოოდ ეს მე ვიქნები თუ სხვა ვინმე, ეს არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ცვლილებები აუცილებელია”, - ამბობს ის.