"ჯუნგლები" დირკ შუსტერს უტევენ: "მან თქვა, ნამდვილი ფანები ასე არ იქცევიანო, მაგრამ როგორ იქცევიან ნამდვილი მწვრთნელები?"... | Lelo.Ge
ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივართა ჯგუფი, “ჯუნგლები”, მწვავედ გამოეხმაურა კონფერენსლიგაზე აზერბაიჯანში “ზირასთან” განცდილი მტკივნეული მარცხის (0:3) შემდეგ გუნდის გერმანელი დამრიგებლის, დირკ შუსტერის საქციელს და ცხადი გახდა, რა მოხდა მატჩის შემდეგ…
“წელიწადნახევრის წინ, როცა დირკ შუსტერის “ტორპედოში” მოსვლა რეალური გახდა, ალბათ თითოეულ ჩვენგანს იმედი ჩაგვესახა. გვეგონა, ქუთაისში გერმანული დისციპლინა, ხასიათი, შემტევი ფეხბურთი და გამარჯვებულის მენტალიტეტი დაბრუნდებოდა. გვჯეროდა, რომ იწყებოდა ახალი ეპოქა…
თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. თავიდანვე მისი ჩამოსვლა გაიწელა, გუნდთან სრულფასოვანი შეკრება ვერ გაიარა და სეზონი კატასტროფულად დაიწყო. 5 ტურის შემდეგ 4 მარცხი და ბოლო, მე-10 ადგილი. იმ დროს ვაცნობიერებდით, რომ “ტორპედო” მისი მოთხოვნებით არ იყო დაკომპლექტებული და გვჯეროდა, ზაფხულის სატრანსფერო “ფანჯრის” შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა.
სატრანსფერო “ფანჯარაზე” ფეხბურთელები მოვიდნენ და სეზონის დასკვნით ეტაპზე გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ბევრი გოლი გაჰქონდა, იყო სანახაობრივი გამარჯვებები და პირველად გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ “ტორპედო” დაცვითი ფეხბურთიდან შემტევ ფეხბურთზე გადადიოდა.
მოვიდა ახალი სეზონი. შუსტერმა უკვე სრულფასოვანი შეკრება გაიარა. პრესკონფერენციაზეც თავად თქვა, რომ ყველაფრით კმაყოფილი იყო და პირველივე ტურებიდან ისეთ “ტორპედოს” ვნახავდით, როგორსაც ყველა ველოდით. და რა ვნახეთ? ზუსტად იგივე, რაც ერთი წლის წინ. 5 ტურის შემდეგ ისევ ბოლო, მე-10 ადგილი და საშინელი ანტიფეხბურთი!
შემდეგ იყო 11-მატჩიანი წაუგებელი სერია, მაგრამ რეალურად, ამ სერიაშიც ნახევარზე მეტი ქულა გავანიავეთ. 5 ფრე, 10 დაკარგული ქულა… მერე ზედიზედ 3 მარცხი და 1 ფრე. ბოლო ოთხ შეხვედრაში დაკარგული 11 ქულა და ლიდერთან ჩამორჩენა უკვე 7 ქულამდე გაიზარდა!
შემდეგ მოვიდა სუპერთასი. 1/2 ფინალში მოვუგეთ გორის “დილას”, რომელმაც ყველა კომპონენტში გვაჯობა. ფინალში “იბერიასთანაც” 2:0-ს ვიგებდით. საწყის წუთებში თამაში მთლიანად ჩვენს ხელში იყო. მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა მეტოქე კიდე უფრო უნდა გაგვეტეხა, შუსტერმა მთელი გუნდი საკუთარ საჯარიმოში ჩააყენა.
შეტევა კი არა, მოედნის ცენტრის გადაკვეთის უფლებაც აღარავის მისცა, სრულიად უაზროდ გაანიავა ორბურთიანი უპირატესობა და თამაში იქამდე მიიყვანა, რომ ყველაფერი საფეხბურთო ლატარეას უნდა გადაეწყვიტა. რომ არა მეტოქის წითელი ბარათი, პენალტებამდე მისვლაც კი წარმოუდგენელი ჩანდა. ეს თასი პირადად ბიჭებმა მოიგეს - ბრძოლით, ხასიათით, გულით და არა მწვრთნელის გამბედაობით!
შემდეგ იყო კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში სტუმრად აზერბაიჯანულ “ზირასთან”. ყველამ ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე იყო. არავინ ამბობდა, რომ ფავორიტები ვიყავით. მაგრამ ერთი რამის ყველას გვჯეროდა, რომ ღირსეულად ბრძოლა მაინც შეიძლებოდა.
90 წუთის განმავლობაში “ტორპედომ” პრაქტიკულად ვერაფერი შექმნა. ერთი რეალური მომენტი და მეტი არაფერი. დანარჩენ დროში რასაც უნდოდა, “ზირა” იმას აკეთებდა. 3:0 საბოლოო ანგარიში იყო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრად უფრო დიდი სხვაობით წაგებაც შეიძლებოდა.
მაგრამ სამარცხვინო თამაში არც მოედანზე დასრულებულა. ის დაიწყო საფინალო სასტვენის შემდეგ. ფეხბურთელები მადლობის გადასახდელად მოვიდნენ ჩვენს ტრიბუნასთან. მოვიდნენ იმ ხალხთან, რომელმაც ასობით კილომეტრი გაიარა, დახარჯა ფული, დრო და ენერგია, რომ გუნდის გვერდით მდგარიყო.
…და ამ დროს შუსტერი და მისი ასისტენტი საშა. ღიმილიანი სახეებით პირდაპირ გასახდელისკენ წავიდნენ! არც მადლობა, არც ბოდიში - არცერთი სიტყვა, საერთოდ არაფერი. სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა ჩვენ მიმართ, რამაც გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გაღიზიანება და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები.
იმიტომ, რომ ჩვენ შედეგზე მეტად დამოკიდებულებას ვაფასებთ. შეიძლება წააგო. შეიძლება 3:0 წააგო. შეიძლება საერთოდ გავარდე. მაგრამ არასდროს გაქვს უფლება, ზურგი აქციო იმ ხალხს, ვინც გუნდის გამო ასობით კილომეტრი გამოიარა!!!
და მერე გვესმის პრესკონფერენციაზე შუსტერისგან ფრაზა: “ნამდვილი ფანები ასე არ იქცევიან”. და აქ ჩვენ გვაქვს კითხვა - როგორ იქცევიან ნამდვილი მწვრთნელები? ნამდვილი მწვრთნელი ტოვებს მოედანს ღიმილით ასეთი მარცხის შემდეგ? ნამდვილი მწვრთნელი ზურგს აქცევს საკუთარ გულშემატკივარს? ნამდვილი მწვრთნელი პასუხისმგებლობას გაურბის?
ჩვენთვის “ტორპედო” სამსახური არ არის. ეს გუნდი ჩვენი ცხოვრება, ოჯახი და სიამაყეა! და ვინც ამ ყველაფერს პატივს არ ცემს, მას არასდროს ეღირსება ჩვენგან პატივისცემა”, - ვკითხულობთ “ჯუნგლების” წერილში.