[ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი. ჭაბუკები] გრან კანარიაში მედლების ყულაბა გავხსენით!
ესპანურ გრან კანარიაში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე - 30 ივნისი ჩვენი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, ოქრო ვერც ამჯერად მოვიპოვეთ, თუმცა თითო-ვერცხლი და ბრინჯაო კი ვირგუნეთ და მედალოსანთა ცხრილშიც გავერიეთ. ვაჟებზეც და გოგონებზეც თითო მედალი მოდის. ვერცხლი თინათინ გულბანმა (63) მოიპოვა, ბრინჯაო - გიორგი მჭედლიშვილმა (73). ამასთან, ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაკარგა სალომე მერკვილაძემ (57) - მეხუთეზე გავიდა.
გულბანმა პირველი მედალი მოიპოვა ევროპა-მსოფლიოზე, თუმცა ევროპის თასებზე მედალი აქამდეც ჰქონდა - თბილისის ჭაბუკთა ევროთასის ჩემპიონია და რომის ანალოგიური ტურნირის ფინალისტია. ესპანეთში მან პირველვე წრეში დააიპონა ბულგარელი ანდრეა სტოევა, თუმცა მანამდე იუკოც აუღო.
თურქი სევიმ მარგარეტ ბილენი გვარიანად კი გაუძალიანდა და მარატონული ბრძოლაც გაუმართა, მაგრამ დამატებით დროში, მთლიანი შეხვედრის მე-8 წუთზე მაინც დააგდო იპონზე. იტალიელი ვალერია ჯორდანო 2 იუკოთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი მორიგი იპონი ჩეხ ლუისა პოკორნასთან მიითვალა.
სამწუხაროდ, გულბანი ფინალში სლოვენიელთა მსოფლიოს შარშანდელ ფინალისტ ილარია ცურკანთან დამარცხდა, თუმცა ესპანეთში გამოსვლა მაინც ეთვლება აქტივში.
ესპანური ნადავლი პირველი სანაკრებო ჯილდოა მჭედლიშვილისთვისაც. ის პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი პირწმინდად დაამარცხა გერმანელი ჰანეს შერერი - სამივე სინჯის გდება გაუკეთა და წმინდად მოუგო.
ამ ფონზეც და ისედაც მოულოდნელი იყო მეორე პაექრობაში, მეოთხედფინალში მარცხი ესტონელთა დებიუტანტ ბრუნო ქრისტოფოროვთან - იპონი. სანუგეშოში მჭედლიშვილმა სერბი ალექსა ტანასიევიჩი და ლიეტუველი ნატას ალექსეიუნასი იუკოებით დაჯაბნა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ესპანელ გონსალო გაიოლ გრანდას 2 იუკო და ვაზარი აართვა.
საინტერესოა, რომ ამათგან ქართველმა წლეულს ტანასიევიჩს ჩეხურ ტეპლიცეში მოუგო, ხოლო შერერთან იმავე ტურნირზე ბრინჯაოსთვის პაექრობაში დამარცხდა. თუმცა ამ გერმანელს შარშან დიორშიც მოუგო.
მედალთან ძალიან ახლოს ვიყავით 52 კილოგრამში, სადაც 2 მონაწილე გვყავდა და ისინიც ერთ ჯგუფში მოხვდნენ - მერკვილაძე და გულიაშვილი. მერკვილაძე პირველივე წრიდან ჩაება ტურნირში და უკრაინელი კატერინა კოტოვა ვაზარით დაამარცხა, მეორე პაექრობაში კი 2 ვაზარი აართვა თურქ აისენურ ბოსკუპს.
ამასობაში გულიაშვილმა ერთი შეხვედრა ჩაატარა, რადგან პირველ წრეში ისვენებდა - ლუქსემბურგელ სოუკაინა მორეირას ვაზარით აჯობა. ამით ჩვენები მეოთხედფინალში გავიდნენ და ერთმანეთთან მოუწიათ დაპირისპირება, რომელიც თავის სასარგებლოდ მერკვილაძემ დაასრულა - იუკოთი იმარჯვა. ამით მერკვილაძე ნახევარფინალში კი გავდა, მაგრამ ჯერ იქ დამარცხდა ებრაელ იალი იაჰავთან, შემდეგ კი ბრინჯაოსთვის პაექრობაც წააგო იტალიელ მატილდა მარიელოსთან.
დამამშვიდებელში ვერც გულიაშვილმა იმარჯვა - პირველი პაექრობა იპონით კი მოუგო მერკვილაძის მიერ ძლეულ კოტოვას, მაგრამ შემდეგ თვითონაც წმინდად დამარცხდა პორტუგალიელ სოფია გასპართან და მეშვიდე ადგილზე დარჩა.
66 კილოგრამში თითო შეხვედრა მოიგეს გიორგი კაპანაძემ და ვატო მორბედაძემ. 57-ში 2-2 მოგებით მეოთხედფინალში გავიდნენ სოფიო თათრიშვილი და ლიზი სიმონია, თუმცა იქ ორივე დამარცხდა. ისინი დამამშვიდებელში კი გადავიდნენ, მაგრამ პირველივე შეხვედრები წააგეს.
ევროპის ჩემპიონატზე პირადი პირველობა 1 ივლისს დასრულდება, როცა ვაჟებში 81, 90 და +90, ხოლო გოგონებში 70 და +70 წონების წარმომადგენლები იასპარეზებენ.
81-ში მონაწილე არ გვყავს, 90-ში კი ნიკა ნიგურიანი და ვალერი ლაცაბიძე იჭიდავებენ. ორივე მეორე წრიდან ჩაერთვება ჩემპიონატში, თუმცა ბადის ერთ მხარეს, მეზობელ ჯგუფებში არიან და მათი გზა ნახევარფინალში იკვეთება. ნიგურიანის პირველი მეტოქე აქედანვეა ცნობილი - სლოვაკი დანიელ ჰეცკო, ლაცაბიძე კი გერმანელ ჯერომ გოლცსა და ბერძენ ლიოვა გიუმუკიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
2 მონაწილე გვყავს მძიმე წონაშიც და ორივე ერთ ჯგუფში მოხვდა! თუმცა ამ ჯგუფში კიდევ ერთი ქართველია - ესპანელთა სახელით მოჭიდავე გიორგი ლალიაშვილი. ჯგუფში სულ 4 მონაწილეა და აქედან 3 - ქართველი!
ჩვენები მეორე წრიდან ჩაებმებიან ტურნირში, სადაც ილია ზაკუტაშვილი ლიეტუველ გაბრიელ გურსკის დაეჭიდება, თემურ რობაქიძე კი ლალიაშვილს შეხვდება. ორივე ჩვენებური თუ მოიგებს, მეოთხედფინალშიც გავლენ, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
გოგონებში ორივე წონაში 2-2 მონაწილე გვყავს. საბედნიეროდ, ისინი ორივე წონაში ბადის სხვადასხვა მხარეს არიან. 70-ში ბარბარა ფხაკაძე პირველივე წრეში იჭიდავებს უნგრელ ჩენგე ტოროკთან, ელენე კურდღელია კი თავიდან ისვენებს, ხოლო მისი პირველი მეტოქე კოსოვოელ არბა ჰასანაისა და უკრაინელ დიანა სამოილიუკს შორის გამოვლინდება.
+70-ში ნინი ძაგანია პირველივე წრეში იჭიდავებს გერმანელ ჰიდაია მოროუსთან, ხოლო მაია ღვალაძე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ასპარეზობაში, სადაც მეტოქედ ფრანგი ასტან საკო ჰყავს.