ჯერემი კლარკსონმა გაამხილა, რომ კიბოს აგრესიულ ფორმას ებრძვის - "არ ვიცი, რა მოხდება, სხეული გარკვეული დროით მწყობრიდან გამოვა"
ცნობილმა ტელეწამყვანმა ჯერემი კლარკსონმა Amazon Prime Video-ს შოუს გადაცემა “კლარკსონის ფერმის“ (Clarkson’s Farm) ახალ ეპიზოდებში მისი მძიმე დიაგნოზის შესახებ ისაუბრა.
Top Gear-ისა და Grand Tour-ის ყოფილმა წამყვანმა ახლახან გამოსულ მეხუთე სეზონის ბოლო ორ ეპიზოდში გაამხილა, რომ 2025 წლის მაისში კიბოს “აგრესიული“ ფორმის დიაგნოზი დაუსვეს.
ეპიზოდების გამოსვლამდე კლარკსონმა “ინსტაგრამზე“ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამ კადრების ყურება “ძალიან, ძალიან რთულია“. კადრებში ჩანს ემოციური, 66 წლის კლარკსონი, რომელიც ამ მძიმე ამბავს თავის შოკირებულ კოლეგებს - ჩარლისა და კალებ კუპერს ატყობინებს.
სცენაში, როდესაც ტრიო მომავალი მოსავლის გეგმებზე საუბრობს, ტელეწამყვანი მოულოდნელ ამბავს აჟღერებს. კლარკსონი სავარძელში იხრება და ემოციების შეკავების მცდელობისას, თანაწამყვანებს ეუბნება: “მე კიბო მაქვს“. გაოგნებული კალები პასუხობს: “არა, არ გაქვს. სად?“, რაზეც კლარკსონი პასუხობს: “სად არის, ეს არავის საქმე არ არის. მაისის შემდეგ ვიცი“. როგორც გამოცემა “The Sun“ იუწყება, საუბარია პროსტატის კიბოზე. მოგვიანებით შოუში წამყვანი ამბობს, რომ მას “აგრესიული“ ფორმის დიაგნოზი დაუსვეს.
“მაისში სამედიცინო შემოწმება გავიარე, ხომ გახსოვთ. წინა კვირას კი ბიოფსია გავიკეთე და ეს არის კიბო, თანაც აგრესიული. თუმცა, ის ძალიან ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ მკურნალობა იქნება… ვლოცულობდი, რომ მოსავლის აღება მოგვესწრო და მერე წავსულიყავი სამკურნალოდ, მაგრამ ეს პროცესი ზუსტად შუა პერიოდს დაემთხვა,“ - აცხადებს კლარკსონი შოუში. კლარკსონი ასევე აღნიშნავს, რომ მას ოპერაცია სჭირდება და ამის გამო მისი “სხეული გარკვეული დროით მწყობრიდან გამოვა“.
ერთ-ერთ ეპიზოდში კლარკსონი საწოლში წევს და აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წასულა:
“მკურნალობის ნაწილი არასწორად წავიდა, ასე ვთქვათ. აქ გარკვეული დროით დავრჩები. არ ვიცი, რა მოხდება. თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მეექვსე სეზონში შევხვდებით, ხოლო თუ ვერა - მაშინ მიხედეთ თავს ყველამ,“ - ამბობს საავადმყოფოს პალატაში მყოფი ტელეწამყვანი.
მისთის ბოლო რამდენიმე წელი მძიმე გამოდგა. 2024 წელს ჯერემი კლარკსონი საავადმყოფოში გულმკერდის არეში მწვავე ტკივილების გამო გადაიყვანეს. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი ერთ-ერთი არტერია “სრულიად ბლოკირებული“ იყო, რის გამოც წამყვანმა მოგვიანებით თქვა, რომ “სიკვდილს რამდენიმე დღით გადაურჩა“. ქირურგებმა პრობლემა სტენტის ჩადგმით მოაგვარეს. “კლარკსონის ფერმის“ მეექვსე სეზონის გადაღებები მის გამოჯანმრთელებამდე დროებით შეჩერდება. შოუ “კლარკსონის ფერმა“ 2021 წლიდან Amazon Prime-ზე გადის და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მეხუთე სეზონის გადაღებები კი 2026 წლის თებერვალში დასრულდა. წყარო