ჯეიჰუნ მუჰამედალი: ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს მეჩეთში ტრადიციული რელიგიური რიტუალი ჩატარდა, სადაც გამოფენილი იყო აიათოლა ალი ხამენეის პლაკატი და ფოტოები. მუჰამედალი წერს, რომ “ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია” და “ასეთი დამოკიდებულების შემდეგ რეგიონების მხარდაჭერის იმედი რომ კვლავ აქვთ, ნამდვილად სასაცილოა”. მისივე თქმით, “ამერიკას არ სჭირდება თქვენი ისტერიკები. სინამდვილეში, ამ ყველაფრით მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს კარგავთ”. “ძალიან გულისამრევი გახდა ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მათი ბაბლის მხრიდან ქვემო ქართლში მცხოვრებ შიიტ მუსლიმებზე თავდასხმა. სირცხვილი და უნამუსობაა, როდესაც “ქოცებზე” თავდასხმის მიზნით ყველაფერზე ხელს იღებ და ნებისმიერ ზღვარს კვეთ, თან კი საკუთარ თავს მედასავლეთედ და ოპოზიციონერად მოიხსენიებ.ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში შიიტი მუსლიმი თემი საუკუნეების განმავლობაში აღნიშნავს შუამავალ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის, მოწამებრივად დაღუპვას გლოვითა და სხვადასხვა რელიგიური რიტუალით. იმამ ჰუსეინი ისლამურ სამყაროში ბოროტებასა და ჭეშმარიტებას შორის ბრძოლის სიმბოლოა. ამ საზოგადოების წევრებს, საკუთარი რელიგიური იდეოლოგიიდან გამომდინარე, არჩეული ჰყავთ კონკრეტული აიათოლა სულიერ წინამძღვრად. შესაბამისად, ისრაელის მიერ მოკლული აიათოლასადმი სამძიმრისა და მხარდაჭერის ნიშნად მისი ფოტოების გამოტანა და გამოფენა ამ ცერემონიების ფარგლებში მათთვის ბუნებრივი მოვლენაა.ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია. მე საერთოდ არ ვსაუბრობ იმაზე სწორია თუ არასწორია აღნიშნული ფოტოების ამ ღონისძიებებზე გამოტანაზე. უბრალოდ ზოგ ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსს დაავიწყდა, რომ სწორედ ეს ხალხი აძლევდა მათ ხმას. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ კი რეგიონების მხარდაჭერის იმედი რომ კვლავ აქვთ, ნამდვილად სასაცილოა. ახლა უფრო გასაგები ხდება, რატომ აღმოჩნდა ოპოზიცია დღევანდელ მდგომარეობაში “ქოცების” პირისპირ.პ.ს. ამერიკას არ სჭირდება თქვენი ისტერიკები. სინამდვილეში, ამ ყველაფრით მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს კარგავთ, რეგიონებს იშორებთ და საზოგადოებას თქვენს ნამდვილ სახეს აჩვენებთ. რაც მთავარია, გარკვეულ მედიებში დაწყებული კამპანიის მეშვეობით ამ ხალხს ირანის აგენტების იარლიყს აკრავთ და კიდევ უფრო აუცხოებთ საზოგადოებას. ისედაც არ აკლია ამ თემს პრობლემები ამ ქვეყანაში და თქვენ თქვენი ქმედებებით მათთვის კიდევ უფრო სახიფათო გარემოს ქმნით. ამ ყველაფრით “ქოცებს” კი არ აზიანებთ, არამედ საკუთარ სამშობლოს ვნებთ და საკუთარ ამომრჩეველს იშორებთ. ისრაელის გარდა, არაერთ დასავლურ ქვეყანაში იმართება ზემოხსენებული სამგლოვიარო ცერემონიები და აიათოლას ფოტოებიც საჯაროდ გამოიფინება. თუმცა იქ მონაწილეებს არც აკავებენ და არც ტერორიზმის მხარდამჭერებად აცხადებენ მხოლოდ ამ მიზეზით. გეყოფათ ამ ხალხის გამოყენება თქვენი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მიზნებისთვის. ქვემო ქართლის შიიტი მუსლიმები არ არიან თქვენი პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტი. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, საკუთარი რწმენით, ტრადიციებითა და ღირსებით. ნუ გამოიყვანთ ამ ქვეყანას ყველაზე საშიშ კუნძულად და ეს ხალხი რაღაც საშიშ ძალად ამას ეს ხალხი არ გაპატიებთ!”, — წერს ჯეიჰუნ უჰამედალი. ცნობისათვის, მანამდე პარტია დროამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ “ქვემო ქართლის რეგიონში, საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ოპერატიული გავლენა, ირანული ქსელის გაფართოების ტენდენცია, რასაც აბსოლუტურად შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი”. “დროა”: ქვემო ქართლში საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური გავლენა, რასაც შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი