გიორგი ჯანჯალია: „ამდენი სენსორის, დრონისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს”
ბრიტანული კომპანია „ჰილიქსის” უსაფრთხოების რისკების მენეჯერმა გიორგი ჯანჯალიამ ჟურნალისტ გიორგი ცხვიტავასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში წარმოებული ომი ტექნოლოგიური თვალსაზრისით უპრეცედენტოა.
„პლატფორმა „დელტა” საუკეთესოა მსოფლიოში. ამდენი სენსორის, ხელოვნური ინტელექტის, რადარებისა და დრონების გამოყენება მსოფლიოს არ უნახავს. ეს სამხედრო გადაწყვეტილების მიღების დროს საათებიდან 2,2 წამამდე ამცირებს,” — თქვა ჯანჯალიამ.
ომამდე ეს პროცესი საათებს მოიცავდა: ჯერ მოწინააღმდეგის ტექნიკა და პოზიციები ვლინდებოდა, შემდეგ ინფორმაცია რამდენიმე სარდლობის რგოლს გადაეცემოდა. ახლა პლანშეტის მეშვეობით ყველაფერი ავტომატიზირებულია — სენსორიდან ათეულის მეთაურამდე ინფორმაცია წამებში აღწევს.
ჯანჯალიამ ასევე ხაზი გაუსვა Brave1 ეკოსისტემის მნიშვნელობას — პლატფორმას, რომელიც სამხედრო მომხმარებლებს მიმწოდებლებთან აკავშირებს და იარაღის ხარისხის შეფასებების მეშვეობით პროდუქტის სწრაფ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ომმა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ლოჯისტიკაზე — რამდენად იაფი შეიძლება იყოს გარკვეული იარაღი ან ‘ანტიიარაღი’ მოწინააღმდეგის წინაშე,” — განაცხადა ჯანჯალიამ.
მისი თქმით, ომი მხოლოდ სამხედრო ძალისხმევით არ მოიგება — უკრაინამ წარმატებით მოახდინა მთელი ერის მობილიზება, სამხედრო, ლოჯისტიკური და ფინანსური მხარდაჭერის ჩათვლით.