საპატრიარქოს სპიკერი: კენჭისყრა „სამებაში” პირდაპირ ეთერში — სამივე კანდიდატმა სიტყვა წარმოთქვა”
კათოლიკოს-პატრიარქის საარჩევნო გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიხსნა. საპატრიარქოს სპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრება წინასწარ შეთანხმებული რეგლამენტის მიხედვით მიმდინარეობს.
„კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც წინასწარ იყო გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს. ახლა სამი დელეგატი გამოვა სიტყვით, ამის შემდეგ კი კენჭისყრა დაიწყება. სინოდის სრული შემადგენლობაა. კენჭისყრა პირდაპირ ეთერში გაიმართება,” — განაცხადა ჯაღმაიძემ.
კანდიდატები სამია: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო; მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი; და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. ისინი 28 აპრილს საპატრიარქოში გამართული სინოდის სხდომაზე შეირჩნენ.
გამარჯვებისთვის 39 ხმიდან მინიმუმ 20 ხმაა საჭირო. 28 აპრილის სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, მიტროპოლიტებმა გრიგოლმა და იობმა კი — 7-7 ხმა.