← მთავარი
მსოფლიო

შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა

18 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
შეიძლება იუპიტერის თანამგზავრზე დედამიწიდან სიცოცხლე მოხვედრილიყო — ზაზა ოსმანოვის კვლევა

ფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა ახალი კვლევის ფარგლებში გამოთვალა, რამდენად შესაძლებელია, რომ სიცოცხლე დედამიწიდან იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე მოხვედრილიყო. მისი შეფასებით, ეს სცენარი სრულიად დასაშვებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპას ყინულქვეშა ოკეანეში სიცოცხლე შეიძლება სწორედ ჩვენი პლანეტიდან აღმოჩენილიყო. საუბარია პანსპერმიის ჰიპოთეზაზე, რომლის თანახმადაც სიცოცხლე ან მისი “საშენი მასალა” კოსმოსში მტვრის, ასტეროიდებისა და კომეტების მეშვეობით ვრცელდება. მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ასეთ ობიექტებს სიცოცხლის წარმოსაქმნელად აუცილებელი კომპონენტების გადატანა შეუძლია. მეტიც — ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ამ გზით მიკროორგანიზმების ტრანსპორტირებაცაა შესაძლებელი. ასევე, იხილეთ: ის, რაც პოდკასტში არ უნდა გამოგრჩენოდათ — ზაზა ოსმანოვი არამიწიერი სიცოცხლის არსებობის შანსებზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა სცადა დაედგინა, მტვრის რამდენი ნაწილაკი შეიძლება დედამიწიდან კოსმოსში მოხვედრილიყო და მათგან რამდენს მიეღწია ევროპამდე. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული მტვრის ნაწილაკები კოსმოსურ მტვერთან შეჯახებისას ზოგჯერ საკმარის სიჩქარეს იძენს, რათა პლანეტის მიზიდულობას თავი დააღწიოს. ახალ ნაშრომში ოსმანოვი სწორედ ამას ეყრდნობა და განიხილავს, შეეძლო თუ არა დედამიწას სხვა ციური სხეულებისთვის სიცოცხლის “გადაცემა”. “დედამიწაზე სიცოცხლე სულ მცირე 3.55 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, რაც მიანიშნებს, რომ დაახლოებით ამდენი ხნის განმავლობაში აქედან სიცოცხლის შემცველი ნაწილაკები გარშემო არსებულ კოსმოსში ვრცელდებოდა”, — აცხადებს მეცნიერი. მან ყურადღება სწორედ ევროპაზე გაამახვილა, რადგან ეს ბუნებრივი თანამგზავრი მზის სისტემაში სიცოცხლის არსებობისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ადგილად მიიჩნევა. საქმე ისაა, რომ მისი სქელი ყინულოვანი საფარის ქვეშ გლობალური ოკეანე უნდა იმალებოდეს. ავტორმა მხოლოდ მტვრის ისეთი ნაწილაკების რაოდენობა გამოითვალა, რომლებიც საკმარისად დიდია, რათა მიკრობებიც დაიტიოს. ასევე შეაფასა, რამდენი მათგანი შეძლებდა დედამიწის ატმოსფეროდან გასვლას, იუპიტერის სისტემამდე მიღწევასა და, საბოლოოდ, ევროპაზე მოხვედრას. ასევე, იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: არამიწიერი სიცოცხლე — მარტონი ვართ თუ არა სამყაროში ოსმანოვმა ისიც გაითვალისწინა, რომ კოსმოსში მტვრის ნაწილაკების გასაღწევად კონკრეტული ტიპის შეჯახებაა საჭირო. ამავდროულად, ბაქტერია ყველა შეჯახებას ვერ გადაურჩება. იმის მიუხედავად, რომ ნაშრომი რამდენიმე დაშვებას ეფუძნება, ავტორი მიიჩნევს, რომ დედამიწიდან ევროპაზე სიცოცხლის გავრცელება სავსებით შესაძლებელი სცენარია. მისი გამოთვლებით, ევროპას ზედაპირის ასაკის გათვალისწინებით, იქ დედამიწური წარმოშობის ნაწილაკების უზარმაზარი რაოდენობა უნდა მოხვედრილიყო — ასობით სექსტილიონი. ზაზა ოსმანოვის თქმით, თუ ევროპას ყინულქვეშა ოკეანეში ბიოქიმიური პირობები დედამიწურ სიცოცხლეს შეესაბამება, ეს იქ სიცოცხლის არსებობის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. მეცნიერის თქმით, შეიძლება მზის სისტემაში ზოგიერთი პლანეტა ბიოლოგიურად იზოლირებული სულაც არ იყოს. ეს იმის გათვალისწინებითაც, რომ, მაგალითად, დღემდე მარსიდან დედამიწაზე მილიარდობით ტონა ქვა მოხვდა. ნაშრომი გამოცემაში International Journal of Astrobiology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.

← მთავარი