← მთავარი
პოლიტიკა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისს სტუმრობს

24 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისს სტუმრობს

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე, ედმონდო ჩირიელი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია, სადაც 23 ივნისს „ქართული ოცნების“ მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.ვიზიტის ფარგლებში ჩირიელი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ლევან ჟორჟოლიანს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ „მეგობრულ ურთიერთობებს“, რომლებიც „საერთო ევროპულ ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება“, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციამ.საუბარი შეეხო „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას“. კობახიძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენისა და დიალოგისთვის მზად არის“.„აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა და გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.იმავე დღეს, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი გაიმართა.„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე, მაღალი დონის ვიზიტებთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტურიზმის, თავდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში არსებულ აქტიურ დინამიკას“.„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ,,შუა დერეფანზე” და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე“.იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა თბილისის მერს, კახა კალაძეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, „მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე  და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე“.„საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ  ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს“, – განაცხადა კალაძემ შეხვედრაზე.ვიზიტის ფარგლებში ჩირიელი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

← მთავარი