ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო მონაცემები გაუზიარა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ეს გაფრთხილება მიმდინარე კვირაში გავრცელდა. მეორე წყარომ კი აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აშშ ისედაც იღებდა მუდმივ სადაზვერვო სიგნალებს ტრამპის მკვლელობის შესაძლო გეგმებზე, თუმცა ისრაელისგან მიღებული ინფორმაცია ახალია და კონკრეტულ შეთქმულებას ეხება.
სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ისრაელის ეს ანგარიში შესაძლოა მიზნად ისახავდეს ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას, რომელიც ამჟამად აფასებს, გააძლიეროს თუ არა ამერიკის სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ.
გეგმის დეტალები, რომლის შესახებაც ისრაელმა აშშ გააფრთხილა, მყისიერად ცნობილი არ გამხდარა. საქმეში ჩახედული ორი წყაროს განცხადებით, ამერიკულ მხარეს ეს ინფორმაცია თავად ჯერ არ გადაუმოწმებია და არც ისრაელის გაფრთხილებამდე ფლობდა მასზე რაიმე მონაცემს. აშშ-ის მთავრობა დიდი ხანია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ირანმა შესაძლოა სცადოს ტრამპის მკვლელობა 2020 წელს მისი ბრძანებით განხორციელებული დრონის დარტყმის გამო, რომელსაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.
თეთრმა სახლმა, რომელსაც ისრაელის ამ გაფრთხილებაზე კომენტარი სთხოვეს, ყურადღება ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებზე გაამახვილა, სადაც ის ირანის მხრიდან მისი მკვლელობის სურვილზე საუბრობს.
“მათ სურთ აშშ-ის ლიდერის, ჩემი, თავიდან მოცილება.მე მათ ნებისმიერ სიაში ვარ. ამ დილით ვნახე, რომ მათ აბსოლუტურად ყველა სიაში ვფიგურირებ. აქამდე, ვფიქრობ, ცოტათი მიმართლებდა, მაგრამ ეს შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ესენი ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან. ჩვენ ეს კიბო უნდა ამოვძირკვოთ. ეს კიბო. იცით, როგორ უნდა მოიქცეთ? კიბო ადრეულ სტადიაზევე უნდა მოკვეთო. აი, მე ასე ვფიქრობ”, — განაცხადა ტრამპმა.
მოგვიანებით ტრამპმა აღნიშნა, რომ ახლახან შეიტყო ახალი სიის შესახებ, სადაც ის ირანის ნომერ პირველ სამიზნედ არის დასახელებული. ზუსტად უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის ისრაელის მიერ მიწოდებულ ახალ სადაზვერვო ინფორმაციას.