ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა — მოლაპარაკებები ჩიხშია
11 ივნისს ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში სამი ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება: ქალაქ ღაზაში მოღრაბის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაიღუპა — ისრაელი ამბობს, ის მებრძოლი იყო. ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა; ისრაელის სამხედროებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ძალადობა მოხდა მაშინ, როდესაც ეგვიპტემ, კატარმა და თურქეთმა ჰამასსა და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებებთან ტრამპის სამშვიდობო გეგმის მეორე ეტაპის — ჰამასის განიარაღებისა და ისრაელის ჯარის გამოყვანის — განხილვა დაასრულეს. ეგვიპტური წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა: 15-პუნქტიანი გეგმის 14 პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია, ოღონდ განიარაღება ძირითად სადავო საკითხად რჩება.
ჰამასის წარმომადგენელი ჰუსამ ბადრანი ამბობს, მოლაპარაკებებში „რეალური წინსვლა” მოხდა და შუამავლებს ისრაელს ზავის დარღვევის შეწყვეტა მოჰთხოვონ. ჰამასი სრულ განიარაღებას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პროცესის დაწყებასთან აკავშირებს.
ტრამპის სამშვიდობო საბჭოს წარმომადგენელ ნიკოლაი მლადენოვსა და ჰამასს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა ამ ვითარებაში გადაიდო. ოფიციალური განცხადებით, „ღაზაში არსებული ყველა იარაღი უნდა განადგურდეს, ისრაელმა პერიმეტრზე უნდა დაიხიოს, ხოლო ეროვნული კომიტეტი — გარდამავალ ხელისუფლებად შეუდგეს მუშაობას”.
2023 წლის ოქტომბრიდან ღაზაში 72 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ჯანდაცვის ორგანოების ცნობით. ისრაელის მიხედვით, 2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმებს 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი გატაცებული იყო.