← მთავარი
სამართალი

ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა

30 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ISFED: სტრასბურგის სასამართლომ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა “სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, მისი დირექტორის, ხუთი ადვოკატისა და სამი ბენეფიციარის საჩივართან დაკავშირებით. საქმე ეხება 2025 წლის ზაფხულში ორგანიზაციის მიმართ განხორციელებულ მონიტორინგის პროცესს, რომელიც “გრანტების შესახებ” კანონისა და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” (ე.წ. FARA) საფუძველზე ჩატარდა. ინფორმაციას ISFED ავრცელებს.

ISFED-ის ცნობით, განმცხადებლები ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არაერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე დავობენ, მათ შორის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის (მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების (მე-11 მუხლი), ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის (მე-13 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვისა (მე-14 მუხლი) და უფლებათა შეზღუდვის ფარგლების მიზნობრივი გამოყენების (მე-18 მუხლი) მუხლებით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ კითხვებში პრაქტიკულად გაიმეორა მოსარჩელე მხარის ყველა ძირითადი მოთხოვნა და არგუმენტი. კერძოდ, სასამართლო პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით მთავრობისგან პასუხს შემდეგ საკითხებზე ითხოვს:

აქვს თუ არა ორგანიზაციის “უცხო პრინციპალის აგენტად” რეგისტრაციის ვალდებულებას სტიგმის ეფექტი და შესაძლოა თუ არა ამას ორგანიზაციის საქმიანობაზე დამაზიანებელი გავლენა ჰქონდეს;

საკმარისად განსაზღვრავს თუ არა კანონი “აგენტობის ურთიერთობას” უცხოურ პრინციპალებსა და მათ ადგილობრივ აგენტებს შორის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტად ფართო ან არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაცია;

შესაბამისობაშია თუ არა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით უცხოური გრანტის მიღებისთვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლების მოთხოვნებთან;

პროპორციულია თუ არა ქართული FARA-სა და გრანტების შესახებ კანონის დარღვევისთვის დაკისრებული სანქციები გადაცდომის სიმძიმესთან?

ISFED წერს, რომ ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საჩივარს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა. ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს წინასწარი შეფასებით, ამ საქმეს შესაძლოა განსაკუთრებული გავლენა ჰქონდეს სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სხვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანალოგიურ სარჩელებთან გააერთიანა და მათ ერთობლივად განიხილავს.

← მთავარი