ISFED: „ქართულმა ოცნებამ” 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი შემოსავალი მიიღო”
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) საქართველოს პოლიტიკური პარტიების 2025 წლის ფინანსური ანგარიშების ანალიზი გამოაქვეყნა.
ანტიკორუფციულ ბიუროში ინფორმაცია 44-მა პარტიამ წარადგინა, მაგრამ რეალური ფინანსური ბრუნვა მხოლოდ 25 პარტიას ჰქონდა. 21 გაერთიანებას გასული წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი, 19-ს — ხარჯი.
პარტიების ჯამური შემოსავალი დაახლოებით 49 მლნ ლარს შეადგინა. ამ თანხიდან „ქართულმა ოცნებამ” 26.5 მლნ ლარი მიიღო — ეს მეტია, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთობლივად (22.5 მლნ ლარი).
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.9 მლნ ლარი გაიცა — ექვს პარტიაზე. ამ თანხის 68% „ქართულ ოცნებას” ერგო. წლის ბოლოს სახელმწიფო დაფინანსების მიმღები პარტიების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა.
შემოწირულებები 21-მა პარტიამ მიიღო. ჯამური შემოწირულება 27 მლნ ლარს აღემატებოდა; მისი 67% — „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.
2025 წელს პარტიების ჯამურმა ხარჯმა 46 მლნ ლარი გადააჭარბა. ამ თანხის 52%, 23.8 მლნ ლარი, „ქართულმა ოცნებამ” დახარჯა. ხარჯების ყველაზე დიდი მუხლები: რეკლამა (13.9 მლნ), შრომის ანაზღაურება (5.4 მლნ), კაპიტალური ხარჯები (9.4 მლნ) და იჯარა (4.3 მლნ ლარი).