← მთავარი
მსოფლიო

ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ ალი ხამენეის დაკრძალვას

1 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ირანის საგარეო: ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ

“ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ “პატივი”, დაესწრონ ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვას, რადგან ისინი ომის დროს “ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ”, — ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაეილ ბაგაიმ განაცხადა.

ბაგაიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი არ თვლის, რომ დაკრძალვაში მონაწილეობის პატივი ენიჭებათ მათ, ვინც, მისი აზრით, აგრესორების მხარდაჭერას გამოხატავდა დუმილით ან მხარდამჭერი განცხადებებით.

ერაყში დაკრძალვის ორგანიზებაზე საუბრისას, ბაგაიმ ცერემონია ისტორიულ მოვლენად შეაფასა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ირანელებისთვის, არამედ რეგიონისთვის, ისლამური სამყაროსთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ მშვიდობას, სამართლიანობას და მორალს რელიგიის მიუხედავად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალურმა დელეგაციამ გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ სამგლოვიარო ღონისძიებებში.

თეირანში დაფუძნებულმა საინფორმაციო სააგენტო WANA News-მა 29 ივნისს გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თეირანში ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული. მათ ცნობით, ყაველაშვილი დაკრძალვის ცერემონიაზე ოფიციალურ დელეგაციას უხელმძღვანელებს.

მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს

აღნიშნული ინფორმაცია გუშინვე დაადასტურა ყაველაშვილის ადმინისტრაციამ.

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა.

ირანული მედია წერს, რომ ღონისძიებებზე რეგიონის მასშტაბით რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისა და მაღალი რანგის დელეგაციის დასწრებაა მოსალოდნელი. მათ შორის არიან — საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პაკისტანის პრემიერმინისტრი და კატარის ემირი.

აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალური დაკრძალვა მისი გარდაცვალებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ გაიმართება, რასაც ოფიციალური წყაროები სამხედრო მოქმედებებით ხსნიან.

ირანული მედია წერს, რომ ცერემონიები თეირანში შაბათს და კვირას მოსალას სალოცავ კომპლექსში დაიწყება. მთავარი დაკრძალვის პროცესია ორშაბათს ათკილომეტრიან მარშრუტზე იმამ ჰოსეინის მოედნიდან აზადის მოედნამდე გაიმართება.

თეირანის მუნიციპალიტეტი დედაქალაქში ცერემონიებს დაახლოებით 20 მილიონი ადამიანის დასწრებას ელის.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, გამოსამშვიდობებელი და დაკრძალვის ცერემონია 4-დან 9 ივლისამდე გაიმართება.

← მთავარი